მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანა ჯერ ძალიან ჩავკეტეთ, მერე ზედმეტად გავხსენით“ - ქეთი ბოჭორიშვილი

6033bd885b9bc
ნუცა ბაზლიძე
24.02.21 09:00
741
„ქვეყანა ჯერ ძალიან ჩავკეტეთ, მერე ძალიან გავხსენით, ამან გამოიწვია დისკომფორტი. მნიშვნელოვანია, გვქონდეს სტრატეგია და მას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში განაცხადა, სადაც მთავრობის მიერ პანდემიის მართვის ხარისხი შეაფასა.

მისი აზრით, საქართველომ "მწვანე რეზიდენციის" შექმნის შესაძლებლობა დაკარგა. შეგახსენებთ, ქეთი ბოჭორიშვილის იდეა - „დროებითი მწვანე რეზიდენცია“, საერთაშორისო ტურიზმის ალტერნატივას მოიაზრებდა, რომელსაც 3-6 თვიანი ტურისტული პაკეტის სახით, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დროებით ცხოვრება უნდა შეეთავაზებინა.

მართალია, მთავრობამ შექმნა პროგრამა "იმუშავე საქართველოდან", მაგრამ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მიაჩნია, რომ უცხოელების მოზიდვის მხრივ, მეტი აქტიურობა შეიძლებოდა. ცნობისთვის, ამ პროგრამით 2020 წლის აგვისტოდან თებერვლის ჩათვლით მხოლოდ 913 უცხოელი შემოვიდა.

"ჩვენ ეს შესაძლებლობა გავაცდინეთ, თუნდაც 10 000 უცხოელი რომ ცხოვრობდეს დამატებით ჩვენს ქვეყანაში, ეს გამოიწვევდა სერვისებზე, სასტუმროებზე მოთხოვნის ზრდას, თუმცა აქ გასათვალისწინებელია კოვიდ-19-ის მხრივ უსაფრთხო გარემოს შეთავაზება, რასაც, სამწუხაროდ, ვეღარ ვაკმაყოფილებთ“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა და დასძინა, პოსტპანდემიურ პერიოდში როგორც ეკონომიკის, ისე უშუალოდ ტურიზმის აღსადგენად "არაორდინალური ფიქრი და გადაწყვეტილებებია საჭირო".