მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი ძალიან დაზიანებულია - კახა შარაბიძე

61bc8c6882c2f
მარიამ ვარადაშვილი
17.12.21 22:00
652
იურიდიული კომპანია BLB-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, კახა შარაბიძე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც საქართველოში ინვესტორები არ შემოდიან. მათ შორის შარაბიძის განცხადებით, უმთავრესი სასამართლოა.

“პირველი და ზოგადი მეზეზია ის, რომ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი ძალიან დაზიანებულია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. სასამართლო სისტემა, რომელზეც აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობს, ვინც ამ ქვეყანაში ჩამოდის და ამბობს რომ ეს სისტემა მოუწესრიგებელია. მას სამი ფუნდამენტური პრობლემა აქვს: მოსამართლეების კვალიფიკაცია, დამოუკიდებლობა და ადმინისტრირება. დროში იწელება სასამართლო დავები. ჩვენ ქართულ სასამართლოს არცერთ კლიენტს არ ვურჩევთ და იცით რატომ?! თუნდაც მოსამართლე ბრძენი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი იყოს, მზად ხართ სასამართლო დავაში 7-8 წელი გაატაროთ?! ეს წარმოუდგენელია. ვერ ვხსნით თუ რატომ უნდა იყოს ინვესტორი საქართველოს სასამართლოში 5,7,8 და ზოგჯერ 12 წელიც კი”,-აცხადებს შარაბიძე.

კიდევ ერთ საკითხად ის არსებულ ინვესტორებთან მიდგომებს ასახელებს, როცა მისი თქმით, სახელმწიფო დიდ პროექტებზეც კი არ პატიობს ინვესტორს ვადის გადაცილებას და მათ მიმართ სხვადასხვა სანქციას იყენებს.

“ამას ემატება სახელმწიფო პოლიტიკა, რაც ინვესტორზე შემდგომ “ზრუნვას” გულისხმობს. სამწუხაროდ, შემდგომი ზრუნვა ხანდახან გადაიქცევა ხოლმე შემდგომ დევნაში. გვაქვს შემთხვევები, როცა ინვესტორმა პროექტი დაასრულა, საკმაოდ წარმატებული, რამდენიმე ათეული მილიონის ინვესტირება განახორციელა, ძალიან კარგი პროექტია, მაგრამ ეს გვიან გააკეთა. სახელმწიფო არის აგრესიული, მას სდევნის და სთხოვს ჯარიმას, პირგასამტეხლოს. გვაქვს შემთხვევები, როცა პროექტი სრულდება, თუმცა დაგვიანებით, ეს დიდ პროექტებში ხდება, მაგრამ სახელმწიფო ინვესტორს ჯარიმას არ პატიობს”,-აცხადებს შარაბიძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.2%-ით მეტია. უშუალოდ მესამე კვარტალში კი ინვესტიციებმა $299 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.4%-ით მეტია.

წელს ქვეყანაში შემოსულ ინვესტიციებს შორის $613 მილიონი არა ახალ ინვესტიციებზე, არამედ რეინვესტიციებზე მოდიოდა. შესაბამისად, რეინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 84% იყო. ასეთივე მაღალი იყო რეინვესტიციები 2020 წელსაც და ის ინვესტიციების ნაკადის 80%-ზე მეტს შეადგენდა.