სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია აცხადებს, რომ ანაკლიელებისთვის „ქვიშის გორების“ პრობლემის მოგვარებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალ ინვესტორებს დაავალდებულებენ. შესაბამისი პასუხი bm.ge-მ ადმინისტრაციიდან წერილობით მიიღო.
საქმე ისაა, რომ 2018 წელს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პორტის საპროექტო ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა და მაშინ ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა 110 ჰექტარ მიწაზე გრუნტის გასამყარებლად დაიყარა. ინვესტორის ვალდებულება იყო გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან დაეცვა და ტერიტორია ემართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავრობასა და კონსორციუმს შორის ურთიერთობა დაიძაბა, პორტის მშენებლობის დაწყება გაჭიანურდა და 2020 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა, პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით დაპაუზდა. ინვესტორმა კი, მთელი ტერიტორია სახელმწიფოს დაუბრუნა. სწორედ ამ მიზეზით ხსნის კონსორციუმი იმ ფაქტს, თუ რატომ ვერ აგვარებს „მტვრის გორების“ საკითხს.
„პორტის ნაცვლად „ქვიშის გორა“ - რატომ ვერ უგვარებს მთავრობა პრობლემას ანაკლიელებს“ - ასე ჰქვია მასალას, რომელიც bm.ge-მ ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა.
ბუნებრივია, ანაკლიელებისთვის მთავარია პრობლემის მოგვარება, ამიტომ bm.ge-მ საკითხი ადგილობრივ მთავრობაში კიდევ ერთხელ მოიკითხა. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი გიორგი შენგელია, რომელიც შარშან ირწმუნებოდა, რომ პრობლემის მოგვარების მექანიზმზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობდა მუშაობა და საკითხს უახლოეს მომავალში მოაგვარებდნენ, გუშინ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
ზუგდიდის უკვე ყოფილი მერისგან განსხვავებით, პრობლემის მოგვარებაზე დაპირებას არც 2020 წლის ნოემბერში და არც დღეს არ იძლევა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომელმაც შარშან ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართა, წელს კი გვითხრეს, რომ ანაკლიაში „ქვიშის გორების“ პრობლემის მოგვარების ვალდებულებას ღრმაწყლოვანი პორტის ახალ ინვესტორს ხელშეკრულებაში ჩაუწერენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ მალხაზ თორიას პასუხს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენი ქვეყნისთვის და მით უფრო ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას ყოველთვის უჭერდა მხარს და ვითარება არც მომავალში შეიცვლება. ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ინვესტორებთან და ხელშეკრულება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაფორმდება. რაც შეეხება არსებულ პრობლემას ქვიშასთან დაკავშირებით, ეს პრობლემა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ყოფილი ინვესტორების უპასუხისმგებლობამ და ვალდებულებების არაერთხელ შეუსრულებლობამ ჩვენ, სამწუხაროდ, ეს პრობლემა დაგვიტოვა. სწორედ ახალ ინვესტორთან ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული ამ პრობლემის მოგვარება და ჩაიწერება ვალდებულებაში“, - ნათქვამია წერილობით პასუხში, რომელიც ადმინისტრაციიდან მივიღეთ.
Bm.ge-მ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დააზუსტა, რომ ე.წ. „ქვიშის გორები“ ანაკლიაში, სავარაუდოდ, იქამდე იქნება, ვიდრე მთავრობა ახალ ინვესტორს არ იპოვის.
„ეს ობიექტი არ არის ადგილობრივი ხელისუფლების (ზუგდიდის მერიის საკუთრება), შესაბამისად, ზუგდიდის მერია ვერ განახორციელებს ამ პროექტს. ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია“, - განაცხადეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
Bm.ge აპირებს, თემასთან დაკავშირებით ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართოს. ცნობისთვის: აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ნათია თურნავას უწყებას 2020 წლის ნოემბერშიც მივმართეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
ანაკლიაში მტვრის პრობლემის მოგვარება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა – თედ ჯონასი