მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ინოვაცია და შეიძლება, ინოვაცია მოკვდეს? - გიორგი ზვიადაძის ბლოგი

5db69d6f2e8e8
გიორგი ზვიადაძე
29.10.19 00:10
10359
მკითხველი ყველაზე მკაცრი მსაჯულიაო, ამბობენ. ჩვენ, ყველანი, როცა სვეტის კითხვას განვიზრახავთ, პირველი რამდენიმე წინადადების მერე ვწყვეტთ - გავაგრძელოთ თუ არა კითხვა.

მე ძალიან მინდა არ მიატოვოს მკითხველმა ეს სვეტი.

- რატომ?

სათქმელი მაქვს და მომისმინეთო, ვერ იტყვის ადამიანი, ვისაც ინოვაციების შეგრძნება ჰქონია, აქ არ არის პიროვნული ინტერესები, ინოვაცია ხელოვნებაა ბიზნესში, ხიდია რუტინასა და გლობალურ წარმატებას შორის. ჩვენ კი, ამ სვეტით თუ ბლოგით, გვინდა ხიდზე ასასვლელი კიბეები გამოვძერწოთ.

კლასიკურად, მსოფლიოში წარმატებული ბლოგები უშუალო და მარტივი ენითაა დაწერილი, თანამედროვე მკითხველს იმდენი კომფორტი მაინც უნდა შეუქმნას დამწერმა, რომ კითხვა და გააზრება მყისიერი იყოს, ჩაღრმავება და გასიგრძეგანება ეზარება ბლოგისა და სვეტის წამკითხავს. იმედია, დამეთანხმებით, ძვირფასო მკითხველებო და მჯერა, თქვენს წინაშე აღებულ საპატიო მოვალეობას - გიდობა გავწიო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საოცრებათა სამყაროში - წარმატებით შევძლებ…

ჩვენი საუბრის საგანი რომ ინოვაციაა, უკვე ვთქვით.

კი მაგრამ, რა არის ინოვაცია?

ძალზე ხშირად ამ კითხვას რიტორიკულად სვამენ, აზუსტებენ ხოლმე, რომ ინოვაცია ლოკალური და გლობალური უნდა იყოს, ტექნოლოგიური და არატექნოლოგიურიც შეიძლება არსებობდესო და სხვა.. ჩვენ საკამათოდ არ ვწერთ, ჩვენ თქვენი დროის ფასი ვიცით და ის წუთები, რასაც ამ სვეტის წაკითხვაში ინვესტიციასავით ჩადებთ, სასარგებლო ინფორმაციული უკუგებით უნდა დაგიბრუნდეთ.

ინოვაცია რაიმე თვისობრივად ახალს ნიშნავს. ინოვაციას ასევე იდეის ხორცშესხმას უწოდებდნენ ბრიტანელები, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრჯერ დავრწმუნდით - ინოვაცია შედეგია და არა ნაპერწკალი. უმარტივესი მაგალითი რომ მოვიხმოთ, პური ხორბლისგან მზადდება, მაგრამ ხორბალს ვერ დავარქვამთ პურს. ინოვაცია არის შედეგი, ის სინათლეს ჰგავს და მისი არსებობა სიბნელის თანაარსებობას გამორიცხავს. მარტივად ვიტყვით, ჩვენი მოსაზრებით, ინოვაციურია ცოდნასა და კვლევაზე დაფუძნებული, კვალიფიციური და ძალიან მაშტაბირებადი ანუ გლობალურად მზარდი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც სრული სიახლეა ან მკვეთრ გაუმჯობესებას წარმოადგენს წინა ტექნოლოგიის.

პრაქტიკული მაგალითები:

ისტორიული: ბორბალი ითვლება უდიდეს ინოვაციად. წარმოიდგინეთ, უბრალოდ რომ არ არსებობდეს ბორბალი, რამდენი დრო და ენერგია დაიხარჯებოდა ადამიანებისა თუ ტვირთის ტრანსპორტირებაზე, გადაადგილებაზე...

მსოფლიოში აღიარებული ინოვაცია: მაგალითად, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილები, რომელთა შექმნამ მსოფლიო კლიმატის გაუმჯობესებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, რითაც მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემის პრევენცია მოხდა, რადგან შემცირდა ავტომობილებისგან მავნე, ტოქსიკური ანუ მომწამლავი გამონაბოლქვი.

საქართველოში შექმნილი ინოვაცია: არაერთი კვალიფიციური კვლევით დადასტურებულია, რომ მსოფლიო ბაზარზე საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აქვს ინოვაციური კუთხით - ბიოტექნოლოგიურ მიმართულებაში, ვგულისხმობთ ფაგების / ბაქტერიოფაგების კვლევისა და წარმატების საუკუნოვან პრაქტიკას. სალიტერატურო ენით რომ ვთქვათ, საქართველოში არსებობს ფაგებზე დაფუძნებული ინოვაციური პროდუქტები, რასაც მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი აქვს და საჭიროებს სტრატეგიულ მხარდაჭერას. ცხადია, ბევრი სხვა ინოვაციური პროდუქტი თუ მომსახურება შეიქმნა საქართველოში, რომელიმე მათგანზე გამოყოფილად საუბარი მიკერძოებასა და რეკლამაში რომ არ ჩაითვალოს არ დავასახელებთ ბრენდს, მაგრამ გეტყვით, საქართველოში შეიქმნა მინი სერვერები, რომელიც მთელ მსოფლიოში გაიყიდება.

შეიძლება ინოვაცია მოკვდეს? ანუ როგორია ინოვაცია დროსა და სივრცეში?

ფაქტია, რომ ცხოვრება ძალზე სწრაფად ვითარდება და მსოფლიო წესრიგიც იცვლება; ქვეყნების უმეტესობა გამალებულად იღვწის მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოგონება/დამკვიდრებისათვის. შესაბამისად, ინოვაციური პროდუქტისა თუ მომსახურების მდგრადობა რთულია - ხშირად ხდება, რომ მაგალითად, ფრანგული ინოვაცია იყო წარმატებული 1 წელი და შემდეგ სხვა სტარტაპი, მაგალითად გერმანული, იგონებს უკეთესს და გაუმჯობესებულ ტექნოლოგიას. მაშ, როგორ უნდა შევქმნათ ინოვაცია, რომელიც დიდხანს „იცოცხლებს“? - პასუხი ცალსახა და ნათელია - ისეთი ინოვაციაა დროში წარმატებული, რომელიც პროფესიონალების მიერ არის შექმნილი და დაფუძნებულია მეცნიერებაზე, კვლევასა და განვითარებაზე. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო კვალიფიციურია სტარტაპი, მით უფრო დიდი ხანი უწერია მის ინოვაციას სიცოცხლე...

და ბოლოს, შეჯამების სახით ვიტყვი, რომ ქართველები გენეტიკურად ვართ ინოვაციების მოყვარულნი, საქართველოში ბევრი სტარტაპი შეიძლება დაიბადოს და არაერთ მათგანს რეგიონული და გლობალური წარმატება ხვდება წილად თუკი გავაცნობიერებთ, რომ მეცნიერებისა და ახლებური აზროვნების სინთეზით იქმნება ფასეული სტარტაპი.