ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ძალიან სწრაფად ვითარდება, რაზედაც მიუთითებს, როგორც ქართული სტარტაპების რაოდენობა, ასევე მათი მრავალფეროვნება და ინოვაციურობა.
ქართული ტექნოლოგიური კომპანიის, Wempler-ის მიერ შექმნილი აპლიკაცია ერთ-ერთი ის სერვისია, რომელიც ერთობ ტრადიციული და, შეიძლება ითქვას, ისტორიული საქმიანობის - დახმარების გაციფრულებას ემსახურება და Facebook-ჯგუფების ერთ-ერთ ბუნებრივ გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს.
როგორც Wempler-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ალექსანდრე თავხელიძემ TECH INFORM-ში განაცხადა, თავისი არსით, Wempler-ი არის აპლიკაცია, რომელიც ორი ტიპის ადამიანს აკავშირებს - იმათ, ვისაც დავალებების შესრულება სჭირდებათ და მზად არიან, ამისთვის თანხა გადაიხადონ და იმათ, ვისაც კონკრეტული სერვისის შესრულებით თანხის გამომუშავება სურთ.
“დავალების დელეგირება Wempler-ის მეშვეობით სამი გზითაა შესაძლებელი: დარეკვა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და ხმოვანი შეტყობინება. ჩვენთვის პრობლემის მოსაყოლად მომხმარებელი სამიდან რომელიმეს ირჩევს, რის მერეც Wempler-ის გუნდი მას სერვისის მიმწოდებელს სთავაზობს. შეთავაზებაში იგულისხმება ფასი, ადამიანისა თუ კომპანიის დასახელება, გამოცდილება და შეფასებები. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ან არ მიიღოს ეს შემოთავაზება. თუ არ მიიღებს, Wempler-ი დავალების შემსრულებლის ძიებას განაგრძობს”, - განაცხადა ალექსანდრე თავხელიძემ TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას, ალექსანდრე თავხელიძემ Wempler-ის სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია თანამშრომლობს არამხოლოდ ცალკეულ ადამიანებთან, არამედ კომპანიებთანაც.
“ამ დროისთვის ხუთი ათასზე მეტი ვერიფიცირებული შემსრულებელი და ათასობით ისეთი ადამიანი გვყავს სიაში, რომელიც ვერიფიკაციის პროცესს ახლა გადის, რადგან ამ ხუთსაფეხურიანი პროცესის გავლა მარტივი არ არის. ამასთან, 70-ზე მეტი პარტნიორი კომპანია გვყავს, რაც ნიშნავს, რომ Wempler-ზე არამარტო ინდივიდები გთავაზობენ სერვისს, არამედ ბიზნესებიც”, - ამბობს ალექსანდრე თავხელიძე.
როგორც Wempler-ის თანადამფუძნებელი ამბობს, ასეთი ტიპის აპლიკაციის შექმნა მას და მის გუნდს იმ გამოცდილებებმა შთააგონა, რომლებიც უშუალოდ მათ გადახდა თავს.
“ერთ დღეს, სწორედ ის სერვისი დამჭირდა, რა სერვისსაც მომხმარებლებს ახლა ვთავაზობთ. ოჯახთან ერთად, სახლში რემონტს ვაკეთებდით და ძალიან დაკავებული ვიყავი, როცა მთხოვეს ელიავას ბაზრობაზე წავსულიყავი და გარკვეული პროდუქტები მეყიდა და სახლში მომეტანა, მაგრამ მივხვდი, რომ დროის სიმწირის გამო ამას ვერ ვიზამდი. შევეცადე ინტერნეტში მეპოვა ადამიანი, რომელსაც ამ ყველაფერს დავავალებდი, რადგან ამ დავალების შესრულება ახლობლისთვის რომ მეთხოვა და სანაცვლოდ გარკვეული თანხა შემეთავაზებინა, რადგან უხერხულობა შეიქმნებოდა. დავრჩი ასე და საბოლოო ჯამში, არც ერთი საქმე გამომივიდა და არც - მეორე.
რამდენიმე კვირის შემდეგ, მსგავსი, მაგრამ განსხვავებული ისტორია ჩემს დეიდაშვილსაც გადახდა თავს, რომელსაც სერვისის შესრულებით ფულის შოვნა სურდა, რამაც გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ასეთ ადამიანებს ერთმანეთს დააკავშირებდა”, - განაცხადა ალექსანდრე თავხელიძემ TECH INFORM-ში.