“2024 წლის მეორე ნახევარში Wempler-ი უკვე ორ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი”, - ასე უპასუხა Wempler-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ალექსანდრე თავხელიძემ სამომავლო გეგმების შესახებ TECH INFORM-ში დასმულ კითხვას. მან დასძინა, რომ პირველი ქვეყანა, სადაც სტარტაპი ოპერირებას დაიწყებს, სავარაუდოდ, აზერბაიჯანი იქნება.
“პირველი, რაც ყველაზე ახლოსაა - Wempler-ის ახალი ვერსიაა, რაც ინტერფეისის სრულ განახლებას და არსებული პროცესების გაუმჯობესება. მეორე კი ისაა, რომ ახლახან დავხურეთ ე.წ. “Pre-Seed” რაუნდი, რომელიც პირველი საინვესტიციო რაუნდია სტარტაპებში. ამ ინვესტიციით, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას ვგეგმავთ, რადგან ამ დროისთვის, მხოლოდ გამოცდილების გაზიარებით ვმუშაობდით, მოგვიანებით კი ექსპანსიას ვფიქრობთ, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. პირველი ქვეყანა, წესით, აზერბაიჯანი უნდა იყოს, მაგრამ სტარტაპი არაპროგნოზირებადი სფეროა და, შესაძლოა, ესეც შეიცვალოს. სამი თვის წინ რომ გეკითხათ, უზბეკეთში გაფართოებაზე ვფიქრობდით, მაგრამ იქ შიდა მდგომარეობა შეიცვალა, რის გამოც გეზი აზერბაიჯანისკენ გვაქვს და შეიძლება, ესეც შეიცვალოს. ერთი, რაც უეჭველია, 2024 წლის მეორე ნახევარში Wempler-ი უკვე ორ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი”, - განაცხადა ალექსანდრე თავხელიძემ TECH INFORM-ში.
თავისი არსით, Wempler-ი არის აპლიკაცია, რომელიც ორი ტიპის ადამიანს აკავშირებს - იმათ, ვისაც დავალებების შესრულება სჭირდებათ და მზად არიან, ამისთვის თანხა გადაიხადონ და იმათ, ვისაც კონკრეტული სერვისის შესრულებით თანხის გამომუშავება სურთ. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა TECH INFORM-ში განაცხადა, ამ ეტაპზე, Wempler-ზე დავალებებს ხუთი ათასზე მეტი ვერიფიცირებული ადამიანი და 70-ზე მეტი კომპანია ასრულებს.