მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ თვეში აჭარის და თბილისის ქსელურ მარკეტებში ვიქნებით წარმოდგენილი - Crush 525

525

კომპანია Crush 525-ის დამფუძნებელი, გიორგი თევზაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ მათი წარმოებული ღვინო ერთ თვეში, თბილისისა და აჭარის ქსელურ მაღაზიებში გამოჩნდება.

Crush 525, როგორც საკუთარ ღვინოს აწარმოებს, ამასთან მცირე და საშუალო მეღვინეებს, წარმოების ბრენდად ქცევასა და მის განვითარებაში ეხმარება. მისი ინფორმაციით, წარმოებას კლასიკური ღვინის საწარმოებლად 100 ტონიანი მარანი აქვს, ხოლო ქვევრის ღვინისთვის, 30-ტონიანამდე მარანი.

„ჩვენ პრემიალური კატეგორიის ღვინოს ვაწარმოებთ. პირველ ეტაპზე, ქვევრის ღვინოების ნაწილში, 4 ტიპის ღვინო გვაქვს ჩამოსხმული, მათ შორის ქარვისფერი, კახური, ქართლისა და საფერავის ჯიშის ღვინოები. ჩვენთვის ეს პირველი წელია და წლის განმავლობაში 14 000 ბოთლი ჩამოვასხით. წელს უკვე ვემზადებით ყურძნის მისაღებად და დასაწურად.

სულ რამდენიმე თვეა ჩვენი ღვინის ბრენდირება დასრულდა და მოლაპარაკებები ახლა იწყება, რომ აჭარისა და თბილისის ბრენდულ ქსელებში გამოვჩნდეთ. ეს იქნება ბუტიკური რესტორნები და მარკეტები, როგორიცაა მაგალითად, 8000 მოსავალი. ვფიქრობ, ერთ თვეში, ქსელურ მარკეტებში ვიქნებით წარმოდგენილი. წარმოებული ღვინის ღირებულება მარკეტებში, საშუალოდ 50 ლარი იქნება,“- აცხადებს თევზაძე.

გარდა ამისა, კომპანია მეწარმეებს სერვისს სთავაზობს, რომელიც ყურძნის კრეფიდან დაწყებული, მისი დაძველებითა და ბრენდირებით დამთავრებული ყველა აქტივობასა და სერვისს მოიცავს. მისი მიზანი ისაა, რომ მეღვინემ მაღალი ხარისხის ღვინო აწარმოოს, ნაკლები რესურსის დახარჯვით და მეტი ყურადღება გაყიდვებსა და ბრენდის ჩამოყალიბებას დაუთმოს.

როგორც პლატფორმის თანადამფუძნებელი განმარტავს, სერვისზე მოთხოვნა მზარდია. ამ დროისათვის, კომპანიას უკვე 7 დამკვეთი ჰყავდა და 51 ტონა (15 ჯიშის, მათ შორის იყო როგორც უცხოური, ასევე ქართული ჯიშებიც) ყურძნის გადამუშავება შეძლო. წელს კი უკვე 120 ტონა ყურძნის წინასწარი შეკვეთა აქვთ აღებული.

მისივე ცნობით, გასულ წელს, საწარმოში 52 ტონა ყურძენი გადამუშავდა, ხოლო წელს 180 ტონა ყურძნის გადამუშავება იგეგმება. ამასთან, კომპანიას ღვინის კლუბური სისტემა აქვს, სადაც უშუალოდ დეგუსტაცია და იმპორტიორებისთვის შეხვედრის ადგილია.

კომპანიაში ძირითადად 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა აქტიურად არის გაცვლითი პროგრამის საკითხში ჩართული. კერძოდ, კომპანია საერთაშორისო სტუდენტებს, ადგილზე პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას აძლევს. გასულ წელს, კანადიდან სამმა სტუდენტმა გაიარა მათ საწარმოში პრაქტიკა. წელს კი, მათთან პრაქტიკის გავლით მსოფლიოდან 15 ადამიანია დაინტერესებული.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია წარმოების გაზრდის მიზნით, წელს 40 ტონა ცისტერნის დამატებას გეგმავს. ხოლო მომავალი წლიდან, ცქრიალა ღვინოების ხაზის წარმოებას დაიწყებენ.

ცნობისთვის, Crush 525 არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო მეღვინეებს წარმოების განვითარებაში ეხმარება. კომპანია საგურამოსთან ახლოს, სოფელ ბიწმენდში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები