მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (EPR)?

62961dcf727f2
BM.GE
31.05.22 17:50
1544

მსოფლიოს მოსახლეობა ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონ ტონა პლასტმასის ნარჩენს აწარმოებს, რისი დიდი ნაწილიც ნაგავსაყრელებზე მიდის, იწვება ან რჩება გარემოში. დაახლოებით 13 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი ოკეანეებში იყრება, ხოლო ყოველწლიურად წარმოებული პლასტმასის მხოლოდ მიზერული რაოდენობა გადის გადამუშავების სრულყოფილ ციკლს. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება. წარმოქმნილი ნარჩენი შეიცავს 100 000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას.

ნარჩენების კრიზისის შექმნაში უდიდესი წვლილი კერძო კომპანიებზე მოდის - სხვადასხვა გაანგარიშებით, 20 ყველაზე დიდ მწარმოებელ კომპანიაზე გლობალური პლასტიკური ნარჩენების 50-55% მოდის.

ამ ეტაპზე, ცხადია, რომ კერძო სექტორის ერთეული წარმომადგენლების მოხალისეობრივი ინიციატივები საკმარისი არ არის ნარჩენების საკითხის გადასაწყვეტად. ამიტომ ექსპერტები საჯარო პოლიტიკის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ახალ კანონმდებლობას შეუძლია დააწესოს ძირითადი წესები ყველა მწარმოებლისთვის, შექმნას თანაბარი სათამაშო პირობები და დაეხმაროს კონვეცნიურ ეკონომიკებს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლაში, სადაც ხდება ნარჩენების სეპარირება, უტილიზაცია, ხელახალი გამოყენება - იცვლება ნარჩენების მენეჯმენტის სრული ციკლი და ნარჩენი პოტენციურ რესურსად არის აღქმული. ამგვარ ერთ-ერთ პოლიტიკის ინსტრუმენტს მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება (Extended Producer Responsibility) ეწოდება, და ნელ-ნელა სულ უფრო რელევანტური ხდება, განსაკუთრებით დასავლურ ქვეყნებში. ნარჩენების მართვისა და უტილიზაციის მასშტაბი და საზოგადოების ცნობიერების დონე აღნიშნული საკითხის მიმართ პირდაპირპროპორციულად იზრდება, რისი შედეგიცაა საზოგადოებაში გაზრდილი მხარდაჭერა EPR კანონმდებლობის მიმართ.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ის ნარჩენების მართვის მოდელი, რომელიც მოიცავს მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე, ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ამ მექანიზმის მთავარი საფუძველი მდგომარეობს მისი დაფინანსების სქემაში. როდესაც მომხმარებელი იხდის პროდუქტში თანხას, ის იხდის არამხოლოდ პროდუქტის ნედლეულისა და ტრანსპორტირების თანხას არამედ იმ თანხასაც რომელიც გამოიყენება ამ პროდუქტის ნარჩენის მენეჯმენტისთვის. როდესაც მართვის სისტემა არ არსებობს, სახელმწიფოს თავად უწევს ნარჩენებზე ზრუნვა და ნარჩენების დიდი ნაწილი რჩება გადაუმუშავებელი. ნარჩენების სწორი მენეჯმენტით შესაძლებელია შეიქმნას ორგანიზაციები(PROs) რომლებიც იზრუნებენ ნარჩენების შეგროვებაზე და ტრანსპორტირებაზე და ამასთან ერთად შეიქმნება კომპანიები რომლებიც ამ ნარჩენების გადამუშავებას უზრუნველყოფენ, შესაბამისად ეს მიდგომა ახალი სამუშაო ადგილებისა და ახალი ბიზნესის შექმნის შესაძლებლობასაც იძლევა.

ამასთან ერთად, EPR-ს დადებითი გავლენა აქვს პროდუქტზეც. კანონმდებლობით შესაძლებელი ხდება პროდუქტის სასიცოცხლო ციკლისა და შეფუთვის ხარისხის მაქსიმიზაცია, ვინაიდან მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა პრიორიტეტს ანიჭებს პროდუქტის იმგვარ დიზაინს, რაც შესაძლებელს ხდის მის ხელახალ გამოყენებას, შეკეთებას და უზრუნველყოფს გამძლეობას. ამის პარარელურად ახალისებს გადამუშავებადი დიზაინის შექმნას პროდუქტისთვის ისე, რომ, როგორც კი პროდუქტი აღარ იქნება გამოყენებადი შესაძლებელი გახდება მისი გადამუშავება მაღალი ხარისხის პროდუქტად.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებშიც. მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის - პასუხისმგებლიანი მოხმარება და წარმოება - მიღწევაში კერძო კომპანიების ჩართვა და მათ ეკოლოგიურ კვალზე პასუხისმგებლობის აღება ნარჩენების მართვის მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

EPR კანონმდებლობის წარმატებულობა რამდენიმე მნიშვნელოვანი საზომით შესაძლოა გაიზომოს, თუმცა მათგან ყველაზე თვალსაჩინო მის მიმართ საჯარო მხარდაჭერის დონე და EPR სქემაში საზოგადოების მონაწილეობის მაჩვენებელია. ამასთან ერთად, წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორებია:
• ნდობა და თანამშრომლობა - ნდობის მაღალი დონე ინდივიდუალურ მეწარმეებსა და კომპანიების ასოციაციებს შორის; შინამეურნეობების ინტეგრაცია სისტემაში სტრუქტურული კომუნიკაციის გზით; მჭიდრო თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებსა და მწარმოებელ კომპანიებს შორის.

• მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრა: ნარჩენების ნაკადის მაღალი ხარისხი, მაგალითად მკაცრად სეპარირებული ფერადი და გამჭვირვალე პლასტმასი, ან ქაღალდის შეფუთვა; მოთხოვნა გადამუშავებულ ნარჩენებზე/შეგროვებული ნარჩენების სწორი მენეჯმენტი
• ამბიციური მიზნები

წარმატებული ქეისი

EPR პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი წარმატებული პიონერი შვედეთია. შეფუთვის ნარჩენები და გაზეთები იმ პროდუქტების პირველი ჯგუფი, რომელიც დაიფარა EPR კანონმდებლობით. ინიციატივის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლებების გათავისუფლება ზემოთჩამოთვლილი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების პასუხისმგებლობისგან და ხარჯისგან, ამასთან ერთად, ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების შემცირება. ადრეულ 90-იან წლებში შვედეთში ცირკულარული სისტემის იდეა საზოგადოებაში პოპულარული ხდებოდა, რომლის მიხედვითაც ნარჩენები განიხილებოდა რესურსად და არა მხოლოდ გადასაყრელ საყოფაცხოვრებო ნარჩენად. კანონი შეფუთვისა და გაზეთების შესახებ ძალაში 1994 წელს შევიდა, თუმცა იმ პროდუქტების შეგროვება მანამდეც ხორციელდებოდა, რომელთა ეკონომიკური ღირებულება მაღალი იყო - შუშა, ხმარებიდან ამოღებული ავტომობილის ნაწილები, გაზეთები და ა.შ. პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური იყო, ვინაიდან ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება გაცილებით იაფი ჯდებოდა და მოითხოვდა ნაკლებ რესურსს. EPR-ის ამ ჯგუფზე წარმატებით გავრცელებას ეტაპობრივად მოჰყვა ნარჩენების სხვა ჯგუფებზე გავრცელებაც, როგორიცაა შუშა, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები.

EPR-ის გამოწვევები

EPR სხვადასხვაგვარად ვითარდება განვითარებულ და განვითარებად ბაზრებზე, რაც შესაბამისად აისახება მისი იმპლემენტაციის დონეზეც. განვითარებულ ქვეყნებში გადამუშავებადი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს, ან, ფინანსური რესურსების შედარებითი უპირატესობის გამო, მარტივია შექმნა, როცა განვითარებად ქვეყნებში ასეთი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

განვითარებული ბაზრების მიზანია, რომ 2030 წლისთვის პლასტმასის შეფუთვების 75%-ის გადამუშავება ხდებოდეს. პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება და გადამუშავების შედეგად მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნაა.

თავის მხრივ, განვითარებადი ბაზრების მიზანია 2030 წლისთვის პლასტმასის შეფუთვების 50%-ის გადამუშავება. ხოლო პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის შექმნაა, თუმცა მცირე ფინანსური რესურსებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაკლებპრიორიტეტულობის გამო, გადამუშავებადი ინფრასტრუქტურის შექმნა კითხვისნიშანის ქვეშაა.

EPR-ი საქართველოში

საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის შექმნა და დანერგვა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას ევროდირექტივებთან და ამასთან ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვას ქვეყანაში.
ევროკავშირთან თანამშრომლობით საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა „ნარჩენების მართვის კოდექსი“. კოდექსი ძალაში შევიდა 2015 წლის 15 იანვარს და ითვალისწინებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვას.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს დამტკიცდა 4 ტექნიკური რეგლამენტი:

• „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“
• „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“
• „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“
• „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) მიზანია გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი მაჩვენებლები და მოაბილიზოს ფინანსური რესურსები, რომლებიც საჭიროა ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისთვისა და მათი ხელახალი გამოყენებისთვის.

მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებები საქართველოში ამოქმედდება 2022 წლის 1-ელი ივლისიდან.

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, USAID/EMWI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

(NS)