მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის SWIFT-ი, საიდანაც რუსეთის გარიცხვა განიხილება

6218f473a9af5
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.22 19:39
9106
აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 24 თებერვალს დაკისრებული ფინანსური სანქციები რუსული ბანკების აქტივების გაყინვას, სანქცირებული ბანკებისთვის აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტების გავლით ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელების აკრძალვას, ასევე რუსეთში მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვას, დოლარის რესურსთან წვდომის შეზღუდვას მოიცავს. სანქციების წარდგენისას ბაიდენმა თქვა - “სანქციები შევიმუშავეთ ისე, რომ მაქსიმალური იყოს მათი გავლენა რუსეთზე და მინიმალური აშშ-სა და მის მოკავშირეებზე”. კითხვას - რატომ არ იყო სანქციებს შორის რუსეთის SWIFT-იდან გარიცხვა, ბაიდენმა ასე უპასუხა:

„რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა ყოველთვის არის ვარიანტი, თუმცა ამჟამად ეს არ არის ის, რასაც ევროპა ისურვებს რომ განახორციელოს.”

რა არის SWIFT-ი?

SWIFT - აბრევიატურა ასე იშიფრება: მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება. ორგანიზაცია 1973 წელს დაარსდა და, დღესდღეობით, 11 000-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოიყენება იმისთვის, რომ უსაფრთხო შეტყობინებები და საგადახდო დავალებები გაგზავნოს. SWIFT-ი დღეს მსოფლიოში ბანკთაშორისი ინფორმაციის გაცვლის უმთავრესი პროვაიდერია.

2021 წლის განმავლობაში SWIFT-ი დღეში საშუალოდ 42 მილიონ ტრანზაქციას ემსახურებოდა, ამ ფინანსური ნაკადის 1.2 რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობდა.

თუკი რუსეთი SWIFT-იდან გაირიცხება, მაშინ ფინანსური ინსტიტუტებისთვის ქვეყანაში ან ქვეყნიდან ფულის გაგზავნა თითქმის შეუძლებელი გახდება. ასევე, ეს ნაბიჯი რუსული კომპანიებისა და უცხოელი მომხმარებლისთვის ნებისმიერი სახის ბიზნესურთიერთობას მნიშვნელოვნად გაართულებს, ბევრ შემთხვევაში კი ფაქტობრივად, გააჩერებს კიდეც საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს, ეს კი როგორც რუსეთისთვის, ასევე მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის დამაზარალებელი იქნება. ამიტომ გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი იმ გარემოებას, რომ 24 თებერვალს დაწესებული სანქციები არ იწვევს ზიანს აშშ-სა და მისი პარტნიორებისთვის და ის სრულად რუსეთზეა ფოკუსირებული.

ვინ მართავს SWIFT-ს?

SWIFT-ის სათაო ოფისი ბელგიაში არის განთავსებული და როგორც იურიდიული პირი ბელგიის კანონმდებლობით არის დაფუძნებული. მას 25 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო მართავს; ეს ოცდახუთი წევრი წარმოადგენს იმ ქვეყნებს, რომლებიც SWIFT-ის სერვისის ძირითადი მომხმარებელია. SWIFT-ის აქციონერია 3,500 ფინანსური ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.

SWIFT-ი არის როგორც - ბელგიის სამეფოს ცენტრალური ბანკის, ასევე ევროპის ცენტალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშ.

“SWIFT-ი ნეიტრალური გლობალური კოოპერატივია, რომელიც შეიქმნა და ფუნქციონირებს თავისი საზოგადოების კოლექტიური სარგებლობისთვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნებზე ან ცალკეულ სუბიექტებზე სანქციების დაწესების შესახებ ეკისრება მხოლოდ კომპეტენტურ სამთავრობო ორგანოებს და კანონმდებლებს,” - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2012 წელს ირანის ბირთვული პროგრამის სანქციების ფარგლებში, აშშ-მა ევროკავშირი და მისი სხვა პარტნიორები დაარწმუნა, რომ ირანი SWIFT-იდან უნდა გათიშულიყო, რამაც ირანის ეკონომიკას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. 

აქვს თუ არა რუსეთს ალტერნატიული საგადახდო სისტემა?

ოფიციალურმა მოსკოვმა საკუთარი საბანკო საგადახდო სისტემა - SPFS-ი შექმნა მას შემდეგ, რაც 2014 წელს ყირიმის ანექსიიდან მალევე დასავლეთისგან რიგი სანქციები მიიღო. ყირიმის ანექსიის დროსაც იყო მოწოდებები, რომ რუსეთი SWIFT-იდან გათიშულიყო, თუმცა ეს მოთხოვნა მაშინ EU-ს ქვეყნების მიერ არ იყო გაზიარებული.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, SPFS-ს დღეს, დაახლოებით, 400 მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, შიდა გადარიცხვების 20% სწორედ SPFS-ის საშუალებით ხორციელდება, თუმცა რიგი შეზღუდვები ოპერაციების თვალსაზრისით SPFS-ს მაინც აქვს. ასევე მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გადახდის შესასრულებლად, ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული სისტემაში, შესაბამისად, SPFS-ით რუსულ ბანკებს საერთაშორისო ანგარიშსწორება მაინც არ გამოუვათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები