მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაადგინა ფოთის პორტთან დაკავშირებით გაცემულ "ხარვეზიან ნებართვაზე" სამინისტროს მოკვლევამ

5db58a7e01212
BM.GE
27.10.19 16:05
1324
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის გრიგოლ კაკაურიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ 5 თვე გავიდა.

კაკაურიძე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმ დოკუმენტის დარღვევებით გამოცემის გამო გაათავისუფლა, რაც ფოთში, ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" მიიღო. კერძოდ, დოკუმენტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობებს ეხებოდა. წინასწარი სანებართვო დოკუმენტაცია ინვესტორს ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის სჭირდებოდა.

კაკაურიძის გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ მისი უწყება შიდა მოკვლევას ახორციელებს იმის დასადგენად, თუ რატომ გაიცა შესანაბისი დოკუმენტი ფოთის პორტის ინვესტორზე მინისტრის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე.

"ფაქტია, რომ პროცესი მართლაც დაიწყო მანამ, სანამ მე დავინიშნებოდი მინისტრად, ახლა მიმდინარეობს ამ საკითხზე შიდა მოკვლევა; შიდა მოკვლევის ამოცანაა არა ის, რომ პირველ რიგში, ვინმე დაისაჯოს, რადგან ჩვენ უკვე მივიღეთ ყველაზე მძიმე საკადრო გადაწყვეტილებები, არამედ ის, რომ მე პირადად და ჩვენ გავერკვეთ, რამ ვერ იმუშავა სისტემაში, მისკომუნიკაცია იყო თუ როგორ მოხდა ისე, რომ კი - სსიპ-ის ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე არ იყო ვალდებული, რომ ახალმოსული მინისტრი ჩავეყენებინე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს დოკუმენტი პროცედურულად ბოლოშია გასული და გაიცემა, მაგრამ რა საკვირველია, როდესაც საუბარია მნიშვნელოვან თემაზე, მნიშვნელოვან პროექტზე, მნიშვნელოვან ინვესტორზე, მას ჩემთან ეს კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა", - განაცხადა მინისტრმა მიმდინარე წლის 7 ივნისს, პარლამენტში ვიზიტისას.

რამდენიმე თვის შემდეგ, BM.GE დაინტერესდა, როგორ დასრულდა შიდა მოკვლევა ზემოთ აღნიშნულ საკითხზე და შესაბამისი კითხვით ეკონომიკის მინისტრს მიმართა.

"მოკვლევამ დაადგინა, რომ სამინისტროში მაინც და მაინც ეფექტურად კომუნიკაცია არ ხდებოდა სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის. ჩვენ ეს გამოვასწორეთ და დღეს, რასაკვირველია, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღება გუნდურად – მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან შეთანხმებით", – განმარტა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიმდინარე წლის მაისის ბოლოს გაავრცელა. "ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს", – ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

რა პროცესები უძღოდა წინ ეკონომიკის სამინისტროს მიერ სანებართვო დოკუმენტაციის გაცემას?

ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლოურსენმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 351,056 კვადრატული მეტრის გადაცემის მიზნით ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სახელმწიფო ქონების სააგენტოს პირველად წერილობით 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. კომპანიის ცნო ით, ამ დროისთვის მათ ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი ჰქონდათ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში.

მოგვიანებით, 2018 წლის 5 ნოემბერს, "ეიპიემ ტერმინალსმა" ქონების ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთ წერილი გააგზავნა და სააგენტოს მოთხოვნილი ნაკვეთების აზომვითი ნახაზები მიაწოდა.

მხოლოდ მეორე წერილის შემდეგ APM-ს სააგენტომ უპასუხა – 2018 წლის 4 დეკემბერს სააგენტომ „ეიპიემ ტერმინალსისგან“ წერილობით მოითხოვა დაზუსტებული წინადადებების წარმოდგენა მათ მიერ მოთხოვნილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. დაზუსტება გულისხმობს ინფორმაციას უძრავი ქონების გადაცემის ფორმის, ვადის, საფასურის და სხვა პირობების შესახებ.

სწორედ ამის შემდეგ, ფაქტად დგება, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლოდ გამოყენების პირობები გამოიცა, მიუხედავად იმისა, რომ "ეიპიემ ტერმინალსს" არაფერი დაუზუსტებია, როგორც ამას ქონების სააგენტო ითხოვდა. სააგენტოს ბრძანება 2019 წლის 2 მაისით თარიღდება. ეს ბრძანება ნათია თურნავას გადაწყვეტილებით გაუქმდა.