მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დიდი პლიუსი აქვს ივანიშვილის მიერ წყალტუბოს სანატორიუმების ყიდვას - ჭყონიას შეფასება

5db98d6cad1d4
ელენე კვანჭილაშვილი
30.10.19 17:25
16844
„ყველაზე დიდი ეფექტი ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წყალტუბოს თემა გადაწყდება და ვინ იქნება მფლობელი, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის ხალხი, ვინც ელოდება სამუშაო ადგილებს, ამოისუნთქებს; ძირითადი თემა ესაა“, - ასე აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია გადაცემა „ანალიტიკასთან“ საქართველოს ყოფილი პრემიერის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს 22 სანატორიუმის გამოსყიდვა გადაწყვიტა. (ბიძინა ივანიშვილი: გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო)

თემურ ჭყონიას აზრით, ეს არის არა - ინიციატივა, არამედ - გადაწყვეტილება.

„ინიციატივას ნუ დავარქმევთ, ეს უკვე ინიციატივა აღარ არის - ეს უკვე გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილება აქვს მიღებული“, - აღნიშნა ბიზნესმენმა და იმ პლიუსებზე გაამახვილა ყურადღება, რაც წყალტუბოს პროექტის ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებას მოჰყვება.

„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის ძალიან სერიოზული; დადებითი, რასაც მე ვხედავ არის ის, რომ 22 სასტუმრო, რომლის გამოსყიდვაზეც ივანიშვილმა განაცხადა, ერთიანად დამთავრდება, რაც საქართველოს ისტორიაში კი - არა, მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. ივანიშვილის მიზანი რა არის - რომ ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნას. სასტუმროებს 22 მფლობელი ეყოლება თუ - ერთი, სამუშაო ადგილების რაოდენობა მაინც იგივე იქნება. თუმცა ეს 22 სასტუმრო თუ ისევ ერთი მმართველობის და ერთი ბრენდის ქვეშ იქნება, გაცილებით მომგებიანია და გაცილებით კარგად გაიყიდება მსოფლიო ბაზარზე ტურისტებისთვის, ვიდრე თუ დანაწევრდება და სხვადასხვა სახელები დარქმევა... მეორე დიდი პლიუსი რაც აქვს ამ ყველაფერს, ისაა, რომ ის ბიუროკრატია, რომელსაც ბიზნესმენები ან ინვესტორები განიცდიან, ჩქარა დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, მერწმუნეთ“, - განუცხადა „ანალიტიკას“ ბიზნესმენმა და დასძინა: „რა დასამალია, რომ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა გავლენა აქვს“.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვინმეს საწყენად არ მითქვამს. ზოგი მეტად გავლენიანია, ზოგი - ნაკლებად, მიდგომებიც სხვადასხვანაირია, ამიტომც ასე ხდება. ეს პლიუსია - რაც მეტი გავლენიანი ადამიანი იქნება საქართველოში და რაც უფრო მაგრად მოუგებენ ბიუროკრატიულ სისტემებს, მით უკეთესია. გავლენასაც მიღწევა უნდა; რა თქმა უნდა, გავლენა ციდან არ ჩამოვარდება“, - ამბობს თემურ ჭყონია.

„ანალიტიკასთან“ საუბრისას ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილში დაფიქსირებული ის შეთავაზებაც შეაფასა, რომლის თანახმად, ის მზადაა, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე გაასხვისოს წყალტუბოს სანატორიუმები ნებისმიერ ინვესტორზე.

„დეკლარირება, რომ მერე ბიზნესმებმა იყიდონ ეს სანატორიუმები, რაღაც მომენტში ქართველი ბიზნესმენების სისუსტეს აჩვენებს, რომ ერთი ბიზნესმენი აშენებს და სხვებმა უნდა იყიდონ და რაღაც ფას-დათმობები... ეს ცოტა ისეთი მომენტია. მთავარია, მაინც ერთი ოპერატორის ოპერირების ქვეშ მოექცეს 22-ვე სასტუმრო, ასე ძლიერ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

რაც შეეხება, ზოგადად, წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს, ბიზნესმენს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებისა, სახელმწიფოს თავისი ვალდებულებებიც აქვს, რაც უნდა შეასრულოს.

„22 სასტუმროს გარშემო უნდა შედგეს მთავრობის გადაწყვეტილება - როგორ შეიძლება, რომ ინფრასტრუქტურა მოაწყონ ჩქარა, მარტო სასტუმრო ხომ არაა საჭირო - გზების მიყვანა უნდა, ბუნებაა გასაშენებელი. საბოლოო სახე რომ მიიღოს, მარტო ბიძინა ივანიშვილიც კი შეძლებს ამას, მაგრამ სახელმწიფოსაც თავისი ვალდებულებები აქვს. რაც არ უნდა მდიდარი იყოს ადამიანი, სახელმწიფოს თავისი ვალდებულება აქვს. ერთი კაცი ვერ ააშენებს მთელს ქვეყანას“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.