05.აგვისტო .2020 19:26

რა ეტაპზეა აჭარაში ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა?

views 704
უკან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯერ კიდევ იანვარში დააანონსა, რომ თებერვალში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა დაიწყებოდა.

მაშინ რიჟვაძემ თქვა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 2020 წლის აჭარის ბიუჯეტში 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პირველ ეტაპზე 580 ბინის მშენებლობა განხორციელდება.

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ 1700-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი სოციალურად დაუცველია.  დაიწყო თუ არა მშენებლობა და რა ეტაპზეა პროექტი,  ამ კითხვებით bm.ge-მ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა.

„ე.წ "ოცნების ქალაქის" პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები პანდემიის პროცესშიც, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის N2 და N3 შენობებზე მეორე სართულის რკინაბეტონის კედლები, კოლონები და ტიხრები დასრულებულია და მზადდება გადახურვის ფილები.

N1- შენობაზე მზადდება პირველი სართულის გადახურვის ფილა და დასაბეტონებლად სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული. უწყვეტად მიმდინარეობს მშენებლობა, ვადებში განხორციელდება“, - აცხადებენ უწყებაში.