მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა ციფრული ლარის პროექტი? - კობა გვენეტაძის განმარტება

6179362c8835c
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.21 15:24
866
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტთან დაკავშირებით ფინტექ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განმარტებით, ამჟამად სებ-ი ციფრული ლარის დეტალური მახასიათებლების მზადების პროცესშია. პარალელურად სებ-ი პროექტში ტექნოლოგიური პარტნიორების შერჩევის პროცესისთვის ემზადება.

“ციფრულ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ინტერესი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. ეს არამხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაში შეინიშნება მაღალი ინტერესი. არაერთ ფინტექ კომპანიას შეხვდა ეროვნული ბანკი ამასთან დაკავშირებით და რადგანაც გამოხმაურება დიდი იყო, დროც უფრო მეტი დაჭირდა, ვიდრე ვფიქრობდით რომ იქნებოდა. დღეს-დღეობით USAID-ის ექსპერტების დახმარებით მზადდება ციფრული ლარის პროექტის დეტალური მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც შეიქმნება შერჩევის კრიტერიუმები. ამ სტადიაზე ჩვენ არ ვწყვეტთ ურთიერთობას იმ კომპანიებთან, რომლებიც ვფიქრობთ, რომ საინტერესო და ადეკვატური იქნება ჩვენთვის ამ პროექტზე მუშაობისას. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს - ამჟამად ვმუშაობთ, რათა დავამუშავოთ ტექნიკური პარამეტრები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პროექტში მონაწილე კომპანიები,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ციფრულ ლართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, რომელიც ამბობს, რომ საბანკო სექტორის ჩართულობა პროექტში ჯერჯერობით მინიმალურ დონეზეა.

“ციფრულ ლართან მიმართებით ჩვენი ჩართულობა, ჯერჯერობით არის მინიმალური და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის განვითარებასთან ერთად ჩვენი ჩართულობაც მასში გაიზრდება. ბევრი სათქმელი ამასთან მიმართებით არ მაქვს. ციფრულ ლარს და საერთოდაც ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები, ეს კარგად უნდა იყოს გააზრებული და დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში ყველაფერი იქნება გააზრებული", - ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.