30.ივნისი .2022 12:44

რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - განმარტება

რა ფაქტორებმა განაპირობეს მაისში 11.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - განმარტება
views 631
უკან

საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2022 წლის პირველ 5 თვეში კი ეკონომიკური ზრდის ჯამური მაჩვენებელი 11.2% იყო. საქსტატის გენერალურმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა ბრიფინგი იმ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც მაისში ორნიშნა ზრდა განაპირობეს. მისი თქმით, მაისის განმავლობაში კერძო სექტორის ბრუნვამ 10.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 25.3%-ით მეტია. 

გოგიტა თოდრაძის განმარტებით, ეკონომიკის სექტორების უდიდეს ნაწილში ზრდა დაფიქსირდა. 

"2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ამ სექტორს მიეკუთვნება საფოსტო და საკურიერო საქმიანობები, სადაც ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა და შესაბამისად დადებითი წვლილი შეიტანა მაისის ეკონომიკურ ზრდაში. ენერგეტიკის სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის ზრდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელიც 20%-ით და ამასთან წინა წელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი ელექტროენერგიის ექსპორტი.

ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა სასტუმროების და რესტორნების სექტორშიც, რაზეც რასაკვირველია უდიდესი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მატებამ, კერძოდ მაისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 320,000 ვიზიტი საქართველოში, რაც სამჯერ აღემატება 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდის ტენდენცია დაკავშირებული იყო მინერალური სასუქების, კვების პროდუქტების და სამშენებლო მასალების წარმოებასთან, ასევე მეტალურგიულ მრეწველობასთან. დაახლოებით 52%-ით გაიზარდა ფეროსილიკონ მანგანუმის წარმოება. მშენებლობაში არსებული ზრდა უკავშირდება სამოქალაქო და საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობას, ასევე პროექტების შემუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობების მოცულობის ზრდას. გასათვალისწინებელია, რომ 20%-ით გაიზარდა სამშენებლო მასალების იმპორტი, 28%-ით გაიზარდა ცემენტის და კლინკერის იმპორტი, გაზრდილია ასევე სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა