მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ფინანსურ დახმარებას მიიღებს საქართველო აშშ-ისგან 2021 წელს?

5fab9b1cc0bbc
შოთა ტყეშელაშვილი
11.11.20 12:15
1507
აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა სააგენტოების, მათ შორის USAID-ის დაფინანსებას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, საქართველო აშშ-ისგან $132 მილიონის მოცულობის დახმარებას მიიღებს. წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტისგან განსხვავებით, სენატის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის პროექტში არაა გათვალისწინებული თანხების გამოყოფის შეზღუდვის პუნქტი, რაც წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებული ბიუჯეტით საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების 15%-მდე უნდა ყოფილიყო.

სენატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით საქართველოსთვის გამოსაყოფი $132 მილიონი დოლარი კონკრეტულ მიმართულებებზე ამგვარად უნდა განაწილდეს:

ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის გამოსაყოფი დახმარების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის მიიმართოს - $83 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო ნარკოტიკული კონტროლისთვის - $5.7 მილიონი აშშ დოლარი;
ანტიტერორისტული პროგრამების მხარდაჭერისთვის - $1.1 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო სამხედრო განათლების და ტრეინინგისთვის - $2.2 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის - $40 მილიონი აშშ დოლარი.

აშშ-ის საგარეო ოპერაციების 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთვის, სენატის საბიუჯეტო კომიტეტსა და წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტებს შორის გაიმართება მოლაპარაკებები, რის შედეგადაც შეჯერდება ბიუჯეტის ტექსტი, რასაც შემდგომში კენჭს უყრიან. შესაბამისად, უცნობია, საბოლოოდ მისაღებ დოკუმენტში ასახული იქნება თუ არა დახმარების გამოყოფის შეზღუდვის პუნქტი, რაც წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში იყო გათვალისწინებული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტის და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტის იმ ტექსტს, რომელიც კონკრეტული წინაპირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საქართველოსთვის დახმარების 15%-ის შეჩერების პუნქტს მოიცავდა. 

უფრო დეტალურად, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული დოკუმენტის ტექსტი ამგვარი იყო:

"დახმარება - ამ აქტის მესამე და მეოთხე თავების თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილ იქნას არანაკლებ $132,025,000-ის მოცულობის დახმარება.

სახსრების შეჩერება - განსაზღვრული დახმარება, არ იქნეს გამოყოფილი, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს, რათა:

A) განამყაროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები;

B) ებრძოლოს კორუფციას მთავრობაში, მათ შორის განამტკიცოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა და რეგულაციები;

C) უზრუნველყოს, რომ კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოელი ბიზნესმენების უფლებები, მათი ფინანსური ინტერესები და ინვესტიციები.

გამონაკლისები - დახმარების შეჩერების პარაგრაფით განსაზღვრული შეჩერება არ შეეხოს იმ პროგრამებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს. ასევე, მიმართულია გენდერული ძალადობის მსხვერპლთა და მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად," - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები