მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა განსხვავება იქნება ციფრულ ლარსა და კრიპტოვალუტას შორის? - სებ-ის ვიცეპრეზიდენტის განმარტება

615b41cb53723
თამთა ჯიჯავაძე
04.10.21 21:58
1905
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის შექმნაზე მუშაობს. ციფრული ვალუტა არ არის კრიპტოვალუტა და ის ნაღდი ანგარიშსწორების ევოლუციაა. თუმცა, როგორც Forbes Talks-ში ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა, ციფრულ ლარსა და კრიპტოვალუტას შორის არის მსგავსებებიც.

„ბევრი მსგავსებაა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ჭრილში. ესეც დიდი ალბათობით ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული, ასევე იქნება სწრაფი, იაფი გადახდის საშუალება. თუმცა თანამედროვე კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, არ მოხდება ე.წ მაინინგი. ციფრული ვალუტის ერთადერთი გამომშვები იქნება ეროვნული ბანკი.

ციფრულმა ლარმა რაღაც სერვისებში შეიძლება კონკურენცია გაუწიოს კრიპტოვალუტებს, თუმცა, მას არ ექნება სპეკულაციური დაგროვების ხასიათი, როგორც კრიპტოვალუტებს აქვთ“, - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

მისივე თქმით, მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგი კვლევით ეტაპზეა, ზოგი ტესტავს, ზოგმა უკვე დანერგა კიდეც, მათ შორის ჩინეთმა და ბაჰამამ. „ჩვენც გვინდა რომ ამ ტრენდის მოწინავე ვიყოთ“, - აღნიშნა სებ-ის ვიცეპრეზიდენტმა.

კითხვაზე, ვინ შეძლებს მის გამოყენებას, პაპუნა ლეჟავა ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ციფრული ლარის რიტეილ-გაყიდვებისთვის დანერგვა იგეგმება.

რაც შეეხება ციფრული ვალუტის უპირატესობებს, სებ-ის განმარტებით, ის ხელს შეუწყობს გადახდის სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის ზრდას.

„ციფრული ლარი იქნება უფრო სწრაფი და იაფი გადახდის საშუალება, ვიდრე ტრადიციული საშუალებები. ის იმუშავებს 24 საათის განმავლობაში. ყველა ტრანზაქციისთვის ინტერნეტთან კავშირი არ იქნება საჭირო. მაგრამ მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის იქნება ტექნოლოგიურად ღია სხვა ტიპის ტექნოლოგიების მიმართ და მაქსიმალურად თავსებადი. ეს ფუფუნება დღეს არც ქაღალდის ლარს და არც გადახდის სხვა საშუალებებს არ გააჩნია“, - დასძენს პაპუნა ლეჟავა.

თუ როდის იქნება შესაძლებელი ციფრული ლარის გამოყენება, ეროვნულ ბანკში ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვთ, თუმცა, როგორც სებ-ის ვიცეპრეზიდენტი აღნიშნავს, საპილოტე პროგრამის ამოქმედება მომავალ წელს იგეგმება.