მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოუტანს ციფრული ლარის პროექტი ქვეყანას?

64567d1e174ad
ლიკა გურაბანიძე
07.05.23 01:00
2756
სტატიაში საუბარია:
"საქართველოს ფინტექ ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით კიკვიძემ ციფრული ლარის პროექტის მნიშვნელობაზე გადაცემა “საქმის კურსში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით დადებით ბენეფიტს მოუტანს.

“ციფრული ლარის იდეა არის ის, რომ ქვეყანაში ფინანსური ტრანზაქციები და სისტემა გაამარტივოს. დღეს თუ ძალიან ბევრი შუამავლისგან შემდგარი ფულის მოძრაობის სქემა გვაქვს, ციფრული ლარის შემთხვევაში ეს სქემა გამარტივებული იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს იქნება ეროვნული ბანკისთვის ეკონომიკის და ინფლაციის რეგულირების ერთ-ერთი ბერკეტი. დღეს სებ-ის ინფლაციის კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფულის მასა, საპროცენტო განაკვეთი და რეფინანსირების განაკვეთია. შესაბამისად, ნაბიჯს რომელსაც ეროვნული ბანკი გადადგას, ამის ასახვას ეკონომიკაში 3-დან 6 თვემდე სჭირდება.

ციფრული ლარის შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღება იმდენად მყისიერად შეიძლება მოხდეს და აისახოს ფულის მასაზე, რომ ამან ძალიან მოკლე ვადაში ეფექტი მოგვცეს, რაც ეკონომიკის ჯანსაღი და მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ეს კი მომხმარებელმა უნდა იგრძნოს იმ კუთხით, რომ მისი ტრანზაქციული თუ სხვა ტიპის დანახარჯები მაქსიმალურად შემცირებული იქნება,” - განმარტა "საქართველოს ფინტექ ასოციაციის" თავმჯდომარემ.

დავით კიკვიძის თქმითვე, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების ჩართულობა. თუ დღეს ქვეყანას გამოცდილება არ აქვს ეს აუცილებლად უნდა შევიძინოთ და პროცესებში საერთაშორისო გამოცდილი კომპანიებს გარდა ქართული კომპანიებიც უნდა ჩაერთონ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის პროექტის ფარგლებში პარტნიორი კომპანიების შესარჩევ კონკურსში აპლიკაციების მიღება დაასრულა. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეროვნულ ბანკს ე.წ short list-ი უკვე აქვს და 7 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობენ. მათ შორის არიან როგორც უცხოელი, ისე ქართული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სებ-ს ციფრული ვალუტის ტექნოლოგია მიაწოდონ. ლეჟავას განცხადებით, ეს პროცესი დაახლოებით ორი თვის ვადაში დასრულდება. საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეორე წელია ციფრული ლარის პროექტის დანერგვაზე მუშაობს. მისი საპილოტე რეჟიმში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები