ბოლო ორი დღეა ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. 20 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8001 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0045 ლარი გახდა. 1.68 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5578 ლარი გახდა.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. როგორც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი თამთა სოფრომაძე აღნიშნავს, ბაზარზე გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობა ბუნებრივი მოვლენაა.
"მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია. წინასწარი მონაცემებით, მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა. ფულადი გზავნილები მაღალ დონეზეა. სუსტ ექსპორტს იმპორტის კლება აბალანსებს. ბაზარზე გაცვლითი კურსის მოკლევადიანი მერყეობა ბუნებრივი მოვლენაა. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ბაზარზე გაცვლითი კურსის მოკლევადიან მერყეობას აჟიოტაჟი და ბაზრის მონაწილეობის მოლოდინები განაპირობებს. ასეთი ტიპის აჟიოტაჟი დროებითია და გაცვლით კურსზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა აქვს", - განაცხადა თამთა სოფრომაძემ.