გუშინ ცნობილი გახდა, რომ ციფრული ლარის პროექტი, რომელზედაც საქართველოს ეროვნული ბანკი წლებია, რაც მუშაობს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რისთვისაც მსოფლიოს წამყვან ბლოკჩეინ-კომპანიასთან, ამერიკულ Ripple-თან იწყებს თანამშრომლობას. სწორედ Ripple-ი იქნება ის კომპანია, რომელიც ციფრული ბანკის ციფრულ ვალუტას, იგივე ციფრულ ლარს შექმნის. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ამერიკულმა კომპანიამ შერჩევის ეტაპი გაიარა, რომელშიც სულ მცირე ცხრა კომპანია მონაწილეობდა. როგორც ქვეყნის მთავარ ფინანსურ მარეგულირებელში ამბობენ, გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა ორეტაპიანი კონკურსის საფუძველზე მიიღო. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს, მეორე ეტაპი კი, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო.
კრიპტოინდუსტრიაში ჩახედული ადამიანისთვის, Ripple-ი კარგად ნაცნობი კომპანიაა, რომელმაც საკუთარი ბლოკჩეინი ჯერ კიდევ 2012 წელს, ანუ ინდუსტრიის განვითარების საწყის წლებში გაუშვა. ბლოკჩეინის გარდა, Ripple-ი საკუთარ კრიპტოვალუტა XRP-საც უშვებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $32 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. დღეს, ერთი XRP $0.70-მდე ივაჭრება, მაგრამ იყო დრო, როცა XRP-ის საბაზრო ღირებულება $1.56-სა და $3-საც კი აღემატებოდა. თავად ის ფაქტი, რომ Ripple-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის ფასი ასეთი დაბალია, მაგალითად, ბიტკოინთან შედარებით, რომელიც დღეს $34,000-ის ფარგლებში ივაჭრება ისაა, რომ XRP-ის მონეტების რაოდენობა 100 მილიარდს შეადგენს, როცა ბიტკოინის მაქსიმალური რაოდენობა, მხოლოდ და მხოლოდ, 21 მილიონია.
თუმცა ზემოხსენებული ფაქტორების გარდა, Ripple-ის მნიშვნელობა და მასშტაბი კიდევ ერთი მიზეზით აიხსნება - საუბარია კომპანიას და აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კომისიას შორის 2020 წელს დაწყებულ დავაზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში, სწორედ Ripple-ის გამარჯვებით დასრულდა. მარეგულირებელ ორგანოს მიაჩნდა, რომ XRP, თავისი არსით, ფასიანი ქაღალდი იყო და შესაბამისადაც უნდა დარეგულირებულიყო, მაგრამ სასამართლომ ეს პოზიცია არ გაითვალისწინა, რითაც პრეცედენტი შექმნა. მართალია, მოსამართლეს თავად არ განუსაზღვრავს, თუ რა კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს XRP, თუმცა ამ გადაწყვეტილებით საფონდო ბირჟების მარეგულირებელ კომისიას მნიშვნელოვნად შეეზღუდა გავლენის სფერო, რასაც ინდუსტრიაში უდიდეს გამარჯვებად მიიჩნევენ.
Ripple-ის ძირეული ტექნოლოგია მისი ბლოკჩეინია, რომელიც კომპანიის მიერ შექმნილ პროტოკოლს - XRP Ledger Consensus Protocol-ს ეფუძნება, რომლის წყალობით, Ripple-ის დახმარებით თანხის გადასარიცხად მომხმარებელი ძალიან მცირე საკომისიოს იხდის, ხოლო ტრანზაქცია წამებში სრულდება, რაც ამერიკული კომპანიის კონკურენტული უპირატესობაა, რადგან თავდაპირველად, ის სწორედ გზავნილების ალტერნატივად შეიქმნა.
თუმცა გზავნილების გარდა, Ripple-ის ბლოკჩეინი აქტიურად გამოიყენება ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის, იგივე CBDC-ტექნოლოგიისთვისაც. ამ მიზნით, 2023 წლის მაისში, კომპანიამ CBDC-პლატფორმა გაუშვა და საქართველოს ეროვნული ბანკი, სხვა მიზეზებთან ერთად, როგორც ჩანს, Ripple-თან სწორედ ამ მიზეზით დაპარტნიორდა.
Ripple-ის პლატფორმა დამოუკიდებელ კერძო ბლოკჩეინზე არის დაშენებული და მომხმარებლებს, ანუ, ამ შემთხვევაში, მონეტარულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებებს და კომერციულ ბანკებს ფიატ-ვალუტაზე დაფუძნებული ციფრული ვალუტის სრული ციკლის გავლის საშუალებას აძლევს - აქ იგულისხმება მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაც, რაც ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმთავრეს მანდატს წარმოადგენს. ამასთან, პლატფორმის ოპერატორებს, ანუ იმ ფინანსური ინსტიტუტებს, რომლებიც დიდი მოცულობით ციფრულ ვალუტას ფლობენ, ამ პლატფორმის გამოყენება ტრანზაქციების გაქვითვისთვისაც შეუძლიათ, რასაც დღეს, საბანკო ანგარიშსწორების პალატა უზრუნველყოფს. უშუალოდ ვალუტის მფლობელებს კი, Ripple-ი ციფრული საფულის სერვისსაც სთავაზობს, სადაც ციფრული ვალუტის უსაფრთხოდ შენახვა არის შესაძლებელი.
თავად ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა თანამშრომლობისთვის სწორედ Ripple-ი შეარჩია, მოულოდნელი არ არის, რადგან შერჩევის ბოლო რაუნდში გადასულ ცხრა კომპანიას შორის, ის უდავო ლიდერი იყო, რაც რიცხვებითაც დასტურდება. დღეს, CBDC-ტექნოლოგიის მიმართულებით Ripple-ი ექვს ქვეყანასთან თანამშრომლობს, ესენია - ბუტანი, პალაუ, მონტენეგრო, კოლუმბია, ჰონგ-კონგი და საქართველო, მაგრამ როგორც კომპანიაში ამბობენ, მოლაპარაკებები ერთბაშად ოც სხვა ქვეყანასთან მიმდინარეობს.