მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფრთხეებს შეიცავს CBDC? - Tether-ის პასუხი

64a3f8e33d379
გიორგი არონია
04.07.23 23:20
3221
სტატიაში საუბარია:

ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური, ანუ ეროვნული ბანკები CBDC-ებს, ანუ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტებს ავითარებენ. ამ ვალუტამ, თეორიულად, ნაღდი ფული უნდა ჩაანაცვლოს და ქვეყნის ეკონომიკა გააციფრულოს. 

ამ მიმართულებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკიც, რომელიც ციფრულ ლარს ქმნის. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო კომპანიაც. კომპანიების ჩამონათვალი საჯარო არ არის, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ციფრული ლარის შექმნით სწორედ ის კომპანიები არიან დაინტერესებულები, რომლებიც ბლოკჩეინ-პროდუქტებს ავითარებენ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Tether-ი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, ანუ გამომშვებია. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტაზე და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ბიემჯი ექსკლუზიურად ესაუბრა თეტჰერ-ის ტექნოლოგიურ დირექტორს, პაოლო არდოინოს.

მსოფლიოს უმსხვილესი სტეიბლკოინის ერთ-ერთი აღმასრულებელის შეფასებით, CBDC-ი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიაა, რომელიც არაერთ რისკს შეიცავს. პირველი რისკი, რომელსაც პაოლო არდოინო ასახელებს - ადამიანების პირადი ცხოვრების ხელყოფაა.

“CBDC-ები ჩვენს ბიზნესმოდელს საფრთხეს არ უქმნის - ვფიქრობთ, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ვალუტას და Tether-ს ერთად ფუნქციონირება შეუძლიათ. პრობლემა, რომელსაც ჩვენ და ზოგადად ხალხი CBDC-ში ხედავს, ამ ვალუტის ადამიანების დამატებითი კონტროლისთის გამოყენების რისკი, ანუ პირადი ცხოვრების ხელყოფაა.

დღეს, შეგიძლიათ, ბანკის აირჩიოთ და მისგან საკრედიტო ბარათი ან აპლიკაციაზე წვდომა მიიღოთ. ყველა ტრანზაქცია, რომელსაც ახორციელებთ, იქნება ეს ყავისა თუ ლანჩის გადასახადი, ინახება მხოლოდ იმ ბანკში, რომელსაც თქვენ ირჩევთ. თუმცა CBDC-ის შემთხვევაში, პირველად შეიქმნება პრეცედენტი, როცა ეროვნული ბანკი ყველა მოქალაქის ყველა ტრანზაქციის მონიტორინგს შეძლებს.

თეორიულად, CBDC-ის მიზანს ნაღდი ფულის ჩანაცვლება წარმოადგენს. ნაღდი ფული კონფიდენციალურია - მეგობრისთვის ფულის მიცემა ან ყავის ყიდვა თუ გინდათ, ამას ნაღდი ფულით აკეთებთ. ნაღდ ფულს კაცობრიობა ფაქტობრივად მთელი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში იყენებს. ამგვარად, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები კონფიდენციალურობას დაკარგავენ, თანაც ასე მასშტაბურად”, - აღნიშნავს Tether-ის ტექნოლოგიური დირექტორი, პაოლო არდოინო ბიემჯისთან საუბრისას.

Tether-ის ტექნოლოგიური დირექტორი ფიქრობს, რომ კონფიდენციალურობის გარდა, ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა საფრთხეს უქმნის საბანკო ინდუსტრიასაც, რადგან ციფრული ვალუტის გამოშვებით, ტრანზაქციებზე კონტროლს ეროვნული ბანკი იღებს, რის გამოც კომერციულმა ბანკებმა, შესაძლოა, ფუნქცია დაკარგონ.

“ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტები საფრთხეს უქმნიან საბანკო სექტორსაც. ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან, მსოფლიოს გარშემო, არაერთ შეხვედრას დავესწარი, სადაც გამოჩნდა, რომ მათ საერთო დარდი აქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ CBDC-ის შეუძლია, საბანკო ინდუსტრია გაანადგუროს. თუ CBDC-ის ცენტრალური ბანკი უშვებს და შემდეგ, მას მოქალაქეები იყენებენ, მაშ რა საჭიროა ბანკი?

ეს ყველაფერი 5-განზომილებიანი ჭადრაკის თამაშს, ან “პეპლის ეფექტს” ჰგავს. რა მოხდება, თუ ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის გამოყენება მასობრივად დაიწყება? შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ შეიცვლება ფინანსური ეკოსისტემა? ამასთან, ბანკები უამრავ ადამიანებს ასაქმებენ, ასე რომ უნდა დავფიქრდეთ, თუ რა ბედი ელით მათ”, - ამბობს პაოლო არდოინო ბიემჯისთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ციფრული ლარის პროექტზე მუშაობა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, ეროვნული ბანკი მოლაპარაკებებს მართავს იმ კომპანიებთან, რომლებიც პროექტში ჩართვით დაინტერესდნენ და სურვილი ფორმალურადაც გამოხატეს. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, გამოცემა ჩენტრალ Bანკინგ-მა საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის ინიციატივის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა.

"CBDC პლატფორმა შეავსებს გადახდის არსებულ არხებს (მათ შორის ახლო მომავალში მყისიერი გადახდების სისტემასაც) და კერძო სექტორის ინოვაციებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, საზოგადოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ასევე, ეროვნული ბანკი მხარს დაუჭერს უფრო მასშტაბურ ტენდენციებსა და ინოვაციებს, ფულის ახალი ციფრული ფორმის დანერგვით, ისეთი ფუნქციებითა და ინსტრუმენტებით, რაც საცალო მომხმარებლებისა და კერძო სექტორისთვის გაზრდის მის ფუნქციონალს და ღირებულებას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები