საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესი სტეიბლკოინის, USDt-ის გამომშვებმა კომპანია Tether-მა ინვესტიცია კიდევ ერთ ქართულ კომპანიაში - Academy of Digital Industries-ში განახორციელა. როგორც კომპანიის მიერ BMG-სთვის მიწოდებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ფინანსური რესურსით Tether-ი ქართული კომპანიისთვის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს, რომლითაც ონლაინაკადემიის მიერ შეთავაზებული კურსების პორტფელი გაფართოვდება, ხოლო თავად კომპანია განვითარების გლობალურ სტრატეგიაზე გადაეწყობა.
“Tether-ში ღრმად გვჯერა ფინანსების, კომუნიკაციისა და განათლების თავისუფლების. მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი და მიუკერძოებელი განათლება კაცობრიობის მომავლისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენს”, - განაცხადა Tether-ის დირექტორმა, პაოლო არდოინომ ინვესტიციის კომენტირებისას და დასძინა, რომ კომპანიების საერთო ხედვა მოიაზრებს, როგორც ინფორმაციაში, ტექნოლოგიებში, გადახდებსა და კომუნიკაციებში არსებული ნაპრალის აღმოფხვრას და ამ მიმართულებების გლობალურ ათვისებას მოიაზრებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისში, Tether-მა ინვესტიცია კიდევ ერთ ქართულ კომპანიაში დააბანდა. საუბარია კრიპტოგადახდების კომპანია CityPay.io-ზე, რომელიც საინვესტიციო რაუნდის შედეგად $15 მილიონად იყო შეფასებული.
ცნობისთვის: Tether-ის მიერ გამოშვებული სტაბილური კრიპტოვალუტა, იგივე სტეიბლკოინი, საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოში რიგით მე-3 კრიპტოვალუტაა - ბიტკოინისა და ეთერის შემდეგ. დღეს, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $91 მილიარდს აღემატება.