მსოფლიოს უდიდესი სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტმა, ანუ გამომშვებმა კომპანიამ უახლესი ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. 2024 წლის ცხრა თვეში, Tether-მა $7.7 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. როგორც კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ, წმინდა ამონაგების ზრდის დიდი ნაწილი, Tether-ის საკუთრებაში არსებულ აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებზე მოდის, ხოლო დარჩენილი ნაწილი კომპანიის საკუთრებაში არსებული ბიტკოინისა და ოქროს გაძვირებას უკავშირდება. წმინდა მოგების ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმამდე არის გაზრდილი Tether-ის სტეიბლკოინის, USDT-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც ამჟამად, $123 მილიარდს აღემატება.
Tether-ის მიერ დაფიქსირებული ეს შედეგი, დიდწილად, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებს უკავშირდება, რომელთაც კომპანიის პორტფელში ვხედავთ. ბოლო მონაცემებით, USDT-ის ემიტენტი კომპანია $102.5 მილიარდის ღირებულების ფასიან ამერიკულ სუვერენულ ქაღალდებს ფლობს, რაც Tether-ისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამგვარად, ამერიკის შეერთებულ შტატებს Tether-ის მიმართ უფრო დიდი ვალი აქვს, ვიდრე გერმანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა თუ ავსტრალიის. საერთო ჯამში, აშშ-ის მევალეების რეიტინგში Tether-ი მე-18 ადგილს იკავებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, USDT-ის გამოყენების ტენდენციის ზრდის გათვალისწინებით, მომდევნო წლებში, კომპანია ამ ჩამონათვალში უფრო და უფრო მაღალ პოზიციებს დაიკავებს.
2024 წლის მესამე კვარტალი და ცხრა თვის ჯამური მონაცემები არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა Tether-მა პერიოდი დიდი წმინდა მოგებით დახურა. მსგავსი რამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარშიც მოხდა, როცა კომპანიამ $5.2 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა. ერთი კვარტალით ადრე კი, ამ თემაზე Tether-ის გენერალურმა დირექტორმა, პაოლო არდოინომ ამ თემაზე TECH INFORM-ში ისაუბრა. კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის შეფასებით, კომპანიის წმინდა მოგების ზრდას USDT-ზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს, რაც პირდაპირ უკავშირდება იმ არასტაბილურ გარემოს, რომელიც მსოფლიოში არის შექმნილი. მისივე თქმით, ათობით ქვეყანაში იმდენად მაღალი ინფლაცია ფიქსირდება, რომ ადამიანები საკუთარ ეროვნულ ვალუტას ვეღარ ენდობიან და კრიპტოვალუტებზე, მათ შორის ამერიკული დოლარის ციფრულ ალტერნატივაზე - USDT-ზე გადადიან.
დღეს, ამ ფაქტორებს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის მიერ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაც დაემატა, რასაც კრიპტოაქტივების, მათ შორის ბიტკოინის, მყისიერი რეკორდული ზრდა მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.