ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-ის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში $1 მილიარდზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივებს 23 ფიზიკური პირები ფლობს, ხოლო მათგან ცხრამ ამ ნიშნულს მხოლოდ ბიტკოინში ინვესტირებით მიაღწია.
კვლევის მიხედვით, $100 მილიონზე მეტის ღირებულების კრიპტოაქტივებს 290 ადამიანი განკარგავს, ხოლო კრიპტომილიონერების საერთო რაოდენობა 135,694-ს შეადგენს.
მთლიანობაში, ციფრულ აქტივებს მსოფლიოში 742 მილიონი ადამიანი ფლობს, მათ შორის 371 მილიონს მხოლოდ ბიტკოინი აქვს ნაყიდი.
ქვეყნების მიმზიდველობის ინდექსში, რომელიც რეგულაციებს, საგადასახადო გარემოსა და ინფრასტრუქტურას ითვალისწინებს, პირველ ადგილს ზედიზედ მეოთხე წელია სინგაპური იკავებს. მეორე პოზიციაზე არაბთა გაერთიანებული საამიროები დაწინაურდა, სადაც კრიპტოვალუტით ვაჭრობა, სტეიკინგი და მაინინგი არ იბეგრება. საუკეთესო ხუთეულში ასევე ჰონგ-კონგი, აშშ და შვეიცარია მოხვდნენ, ხოლო უსაფრთხო მარეგულირებელი გარემოს კუთხით ლიდერად მალტა დასახელდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Henley & Partners-ის მონაცემებით, ინვესტორთა გეოგრაფიული მობილურობა იზრდება, რადგან ციფრული აქტივები მფლობელებს კაპიტალის მყისიერი გადაადგილების საშუალებას აძლევს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მილიონიანი კრიპტოსაფულე ანონიმურია და დაუდგენელია, თუ მათ ერთი ადამიანი განკარგავს თუ რამდენიმე, ამიტომ კრიპტომილიონერების ზუსტი რაოდენობის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
























