მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორი წამყვანი საერთაშორისო კომპანია Ripple ხდება

Ripple
BM. GE
02.11.23 17:45
54
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გამარჯვებული მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Ripple გახდა.

გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის შიდა და გარე მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა კომიტეტმა კონკურსის საფუძველზე მიიღო, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტის განხორციელების გეგმა წარადგინეს, მეორე ეტაპი კი, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წარდგენას დაეთმო. კომიტეტმა ყურადღება პროექტის მიზნებზე, განვითარების მკაფიო გეგმაზე, გამოყენების სცენარების დანერგვის თანმიმდევრულ მიდგომებსა და ბიზნესის უწყვეტობის საუკეთესო პრაქტიკაზე გაამახვილა.

კომპანია ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ტრანსსასაზღვრო გადახდების წამყვანი ქსელია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ინტეგრირებასა და ციფრულ აქტივებად გარდაქმნაში ეხმარება.

Ripple-ის CBDC პლატფორმა ცენტრალური ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების და მთავრობების ჰოლისტიკური გადაწყვეტებით უზრუნველყოფის შესაძლებლობით გამოირჩევა. კომპანია რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან და ცენტრალურ ბანკთან ხუთ საპილოტე პროგრამას ამუშავებს.

"მოხარული ვართ, რომ ყველა მონაწილე კომპანიის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, Ripple ჩვენი ციფრული ლარის საპილოტე პროექტის ოფიციალურ ტექნოლოგიურ პარტნიორად შევარჩიეთ. კომიტეტმა Ripple-ზე არჩევანი მისი შესანიშნავი ტექნიკური მონაცემებისა და გუნდის გამოცდილების გამო შეაჩერა. მოუთმენლად ველით Ripple - თან ერთად მუშაობის გაგრძელებას, ყველა სხვა მონაწილე კომპანიას კი მადლობას ვუხდით შერჩევის პროცესში გამოვლენილი ინტერესისა და ძალისხმევისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

Ripple-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს უოლისის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი უერთდება იმ წამყვან ქვეყნებს, ვინც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს ეკონომიკის გაციფრულებისთვის.

"Ripple-ის CBDC პლატფორმის გამოყენებით, საპილოტე პროექტი შესაძლებელს გახდის საჯარო და კერძო სექტორში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვას. საქართველოს ეროვნულ ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ადასტურებს ჩვენს ერთგულებას გავაძლიეროთ ინოვაციების დანერგვა, რაც საჯარო უწყებებში გააძლიერებს ბლოკჩეინ ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და სანდოობას", - აღნიშნა ჯეიმს უოლისმა.

ციფრული ლარის პროექტის განხორციელების შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ბანკისა და Ripple-ის მიერ ერთობლივი პროექტის განხორციელების გეგმის შემუშავებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები