მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ჰქონდა FED-ის გადაწყვეტილებას საფონდო, კრიპტო და ენერგეტიკულ ბირჟებზე?

632c0aec08dcf
გიორგი თოლორდავა
22.09.22 11:15
956
გუშინ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ძირითადმა განაკვეთმა 3.0 - 3.25%-იან ნიშნულს მიაღწია.

ბუნებრივია, FED-ის გადაწყვეტილებას ინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და თამამად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჯერომ პაუელის განცხადებები უდიდეს გავლენას ახდენს გლობალურ საფონდო, კრიპტო და ენერგეტიკულ ბირჟებზე.

როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება ინვესტორებმა ნეგატიურად მიიღეს - ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში დაეცა ყველა ძირითადი ამერიკული საფონდო ინდექსი, გუშინდელი სავაჭრო სესია კი საერთო დაღმასვლის ტენდენციით დასრულდა.

აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი (S&P 500) თითქმის 1.7%-ით დაეცა; Dow Jones-ის ინდექსიც აგრეთვე 1.7%-ით შემცირდა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება დაახლოებით 1.8%-ითაა შემცირებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება კრიპტოვალუტების ბირჟაზეც: ბიტკოინის ღირებულება 24-საათიან ჭრილში 0.6%-ითაა შემცირებული და მისი სავაჭრო ფასი ამჟამად 18,800 დოლარს აღწევს; ხოლო ეთერიუმთან მიმართებით შედარებით მკვეთრი, 4.5%-იანი ვარდნა ფიქსირდება, ერთი ETH-ის ფასი კი ახლა 1,270 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, FED-ის გადაწყვეტილების ფონზე, ნავთობის ფასი პრაქტიკულად უცვლელია და ბარელი Brent-ის ფასი 90 დოლარს შეადგენს; WTI Crude-ის კი - 83 დოლარს.

აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება პოზიტიურად მიიღეს ვალუტით მოვაჭრეებმა - ამერიკული დოლარის სიმყარის განმსაზღვრელმა ინდექსმა (DXY) 20-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უცხოური ვალუტების კალათასთან მიმართებით ამჟამად დოლარი უჩვეულოდ ძლიერი და მყარია. FED-ის გამკაცრების პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, აღნიშნული ინდექსი ზრდას განაგრძობს.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ განაკვეთის 0.75%-იანი ზრდის სიახლე ინვესტორებმა შედარებით ნეიტრალურად მიიღეს, რადგან იყო იმის საკმაოდ მაღალი შანსიც, რომ FED-ს მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ 100 საბაზო პუნქტით გაემკაცრებინა, რასაც გაცილებით უარესი ასახვა მოჰყვებოდა საფონდო ბირჟებზე.

ზოგადად, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, სესხების გაძვირებას და ინვესტორების მიერ სარისკო პოზიციების შემცირებას იწვევს, რაც, ბუნებრივია, ბირჟებზე ნეგატიურად აისახება.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, სავარაუდოდ, აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფედერალური რეზერვი კიდევ ორჯერ მიიღებს განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილებას, საორიენტაციო მაჩვენებლად კი 75 – 100 საბაზო პუნქტი განიხილება.

ექსპერტების შეფასებით, 2023 წლამდე რეფინანსირების განაკვეთი 4.6%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, მას შემდეგ კი ინფლაციური წნეხი შემცირდება და ფედერალური რეზერვიც ეტაპობრივი შემსუბუქების პოლიტიკაზე გადაერთვება.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.