მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმას სთავაზობენ მეხორბლეები მთავრობას დარგის გადარჩენისთვის?

628623e50dafb
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.22 17:18
1299
მეხორბლეებსა და მთავრობას შორის კომუნიკაცია ისევ გააქტიურდა. მხარეების მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყანაში წისქვილკომბინატების პრობლემას ეხება.  საქართველოში მოქმედმა წისქვილკომბინატებმა დახურვა გასული წლის შემოდგომიდან დაიწყეს. მათმა დიდმა ნაწილმა მუშაობა შეაჩერა, ერთეულები კი გაჩერების პირას არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების ფქვილი და ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული ცხოველების საკვები აღარ იქნება. კომბინატების გაჩერების შედეგად კი უმუშევრად ათასობით კადრი რჩება. ამ საკითხების გადაჭრისა და დარგის გადარჩენის მიზნით მეხორბლეთა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის სამინისტროებს შორის კომუნიკაცია კვლავ აქტიურ ფაზაში შედის -  ამის შესახებ BM.GE-ს როგორც ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაუდასტურეს.

ფქვილის ადგილობრივი მწარმოებლების დახურვის მიზეზი რუსეთში ხორბლის იმპორტზე დაწესებული საექსპორტო ბაჟია, რომელიც ხორბლის საექსპორტო ფასს ზრდის და იმპორტიორებისთვის მის შემოტანას არარენტაბელურს ხდის. საპირისპირო მდგომარეობაა ფქვილთან მიმართებით, რუსეთში ფქვილის ექსპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რის გამოც ფქვილის ექსპორტი თითქმის 11-ჯერ არის გაზრდილი.

ხორბლის იმპორტიორები და ფქვილის მწარმოებლები აღნიშნულ საკითხზე გასული წლის სექტემბრიდან ეკონომიკის, სოფლის და ფინანსთა სამინისტროებთან აქტიურ საკომუნიკაციო პროცესში იყვნენ ; თებერვალში კი სახელმწიფო უწყებებს დარგის მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმაც წარუდგინეს. თუმცა ამ გეგმის დეტალები მაშინ არ გასაჯაროვებულა და დარგის წარმომადგენლები შეთავაზების მხოლოდ ერთ პუნქტზე საუბრობდნენ. ეს პუნქტი ფქვილის იმპორტზე სარკისებრი გადასახადის დაწესებას გულისხმობდა. დღეს კი BM.GE-სთვის ცნობილი გახდა, რა წერია 
ეკონომიკური ბლოკისთვის რამდენიმე თვის წინ წარდგენილ 4-პუნქტიან გეგმაში:

- 2022 წლის 1 მარტიდან ამავე წლის 1 მაისამდე 1 ტონა ფქვილზე საიმპორტო მოსაკრებლის 280 ლარის დაწესებას;
- პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად 2022 წლის 1 მაისამდე ადგილობრივი მწარმოებლების მიერ პურის ქარხნებისა და საცხობებისთვის თვეში 10 000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილის 70 ლარად მიწოდება;
- მეხორბლეთა ასოციაცია ქვეყანაში ხორბლის 2-თვიანი გარდამავალი მარაგის არსებობის ვალდებულებას იღებდა;
- ბაზარზე არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე 1 მაისამდე არსებულ მოსაკრებელში პროპორციულ ცვლილებებს.

მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში დარგის სუბსიდირების და სხვა ხელშემწყობი მექანიზმებისთვის საბიუჯეტო თანხები არ დაიხარჯებოდა, არამედ პირიქით, ბიუჯეტი საიმპორტო და წისქვილკომბინატების გადასახადებით შეივსებოდა; ამავე დროს წისქვილკომბინატები მუშაობას კონკურენტულ გარემოში შეძლებდნენ; არ გაიზრდებოდა პურის ფასი; შენარჩუნდებოდა სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილი იქნებოდა სასურსათო უსაფრთხოება.

BM.GE-მ ეს ინფორმაცია ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელთან ლევან სილაგავასთან გადაამოწმა. ის გეგმის ამ სახით წარდგენას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თებერვალში ამაზე შეთანხმება ვერ შედგა.

„მიმართვის ერთი პუნქტი პურის მწარმოებლებისთვის წისქვილკომბინატების მიერ 1 მაისამდე 1 ტომარა ფქვილის 70 ლარად მიწოდებას მოიცავდა, რაზეც როგორც მაშინ სამინისტრომ გვითხრა, მეპურეებმა ხისტი პოზიცია დაიკავეს - ფქვილის მიწოდება 68 ლარად მოითხოვეს და ამტკიცებდნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პურის ფასს ვერ შეინარჩუნებდნენ. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ თავად პურის მრეწველთა კავშირის ინფორმაციით, მაისში პური 10 თეთრით გაძვირდა. შესაბამისად, დარგის მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით ჩვენი პოზიციები მაშინ ვერ შეჯერდა“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

კითხვაზე - დაიწყო თუ არა უკვე მეხორბლეებისა და წისქვილკომბინატების სამინისტროებთან კომუნიკაცია და სთავაზობს თუ არა ინდუსტრია მთავრობას იმავე გეგმას, რომელიც თებერვალში შესთავაზეს, ლევან სილაგავა ამბობს, რომ კომუნიკაციის პროცესი დაწყებულია:

„დღესაც ვთვლით, რომ ეს შეთავაზება ყველასათვის მისაღები იყო და წარმოქმნილი პრობლემას ყველაზე უმტკივნეულოდ გადაწყვეტდა, რადგან მასში გათვალისწინებულია როგორც ბიზნეს-სუბიექტების, ასევე მოსახლეობის და სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესებიც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს დღესაც ამ გეგმავს ვთავაზობთ. ჩვენ არ გვაქვს ხისტი პოზიცია ამ გეგმის შესრულებასთან მიმართებით, მზად ვართ, მთავრობის წარმომდგენლებთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი და დროულად მივიდეთ შედეგამდე. თუმცა ეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა მოხდეს, რადგან გაჩერებულ წისქვილკომბინატებს მომზადება სჭირდებათ ხორბლის მოსავლის ახალი სეზონისთვის, რათა ხორბალი ჩაიბარონ და გადაამუშაონ. უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. პროგნოზირებადი გარემო გვჭირდება. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გეგმა არც მაშინ და არც ახლა არ ითვალისწინებს პურის ფასის გაძვირებას და ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას“, - განაცხადა სილაგავამ.

მიმდინარეობს თუ არა მეხორბლეებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კომუნიკაცია - ამ კითხვით BM.GE-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც მიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ სექტორთან კომუნიკაციის პროცესი არ შეწყვეტილა და სამინისტროში მეხორბლეებისგან შეთავაზების კონკრეტულ ხედვას ელიან.