მეხორბლეთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთიდან ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე გადასახადის დაწესებით ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტში 35 მილიონი ლარი შევიდა.
როგორც ცნობილია, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ რუსული ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადი გასული წლის ივნისიდან დააწესა, რასაც რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი თანაბარ კონკურენტულ პირობებში უნდა ჩაეყენებინა. 2023 წლის ოქტომბერში კი 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. დაბეგვრას დაექვემდებარა ქერისა და ქატოს იმპორტიც, შესაბამისად, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარით განისაზღვრა.
მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იმპორტზე გადასახადის დაწესებას დადებითი ეფექტი ჰქონდა როგორც ბიზნესზე, ისე საბიუჯეტო შემოსავლებზე. ლევან სილაგავას ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომავალი წლის 1 მარტამდე გაგრძელდება დროებითი მოსაკრებელი რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე, ქატოსა და ქერზე, რომლის ვადაც მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს იწურება.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დავსვით საკითხი გაგრძელდეს მოსაკრებლის ვადა, რომელიც 1 სექტემბრამდეა. მოსაკრებელი გულისხმობს ფქვილის, ქერისა და ქატოს იმპორტზე გადასახადს, რომელიც ფაქტობრივად აბალანსებს იმპორტირებულ ხორბალზე მცურავი ბაჟის გადასახადებს და კონკურენტულ გარემოში ამყოფებს წისქვილკომბინატების მუშაობას.
შარშან ივნისში შემოვიდა ეს გადასახადი და საკმაოდ სერიოზული დივიდენდები მოიტანა, მათ შორის ბიუჯეტისთვის. ამ გადასახადით შევიდა დაახლოებით 35 მლნ ლარი ბიუჯეტში, რომელიც ადრე არ იყო, შესაბამისად, ამან ხელი შეუწყო წისქვილებს ემუშავათ, ხორბლის მოსავალი მიეღოთ და პურის ფასიც სტაბილური ყოფილიყო.
უახლოეს მომავალში მივმართავთ სამინისტროს, რომ მთავრობასთან დაისვას საკითხი, ამ გადასახადის 1 სექტემბრის შემდეგ გაგრძელების შესახებ. ეს ხელს შეუწყობს გრძელვადიან ხედვას, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც შეინახეს ხორბალი, რომ სექტემბრის შემდეგ მათ საშუალება ჰქონდეთ წისქვილებში სტაბილურად განიხილონ ჩაბარების საკითხი. წინასწარი მონაცემებით, ეს გადასახადი გაგრძელდება“,-განაცხადა bm.ge-სთან ლევან სილაგავამ.