2024 წლის პირველ ათ თვეში საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში 62 მილიონ 901 ათასი დოლარის ღირებულების 270 405 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობა წლიურად 56.4%-ით, ღირებულება კი შედარებით ნაკლებად - 38.4%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს საქართველოს ხორბლის იმპორტი გაუიაფდა, რაც მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებამ განაპირობა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ძირითადად რუსული ხორბლის იმპორტი ხდებოდა. 270 276 ტონა რუსული ხორბლის შესაძენად ქვეყნიდან 62 მილიონ 816 ათასი დოლარი გავიდა. რუსეთის გარდა, იმპორტიორი ქვეყნების სტატისტიკაში ვხვდებით, ასევე, ბელარუსს, საიდანაც 37 ათასი დოლარის 66 ტონა ხორბალი შევიძინეთ, საფრანგეთს - 22 ათასი დოლარით და 26 ტონა იმპორტირებული ხორბლით, საბერძნეთს - 13 ათასი დოლარით და 22 ტონა ხორბლის იმპორტით, თურქეთს - 7 ათასი დოლარის ღირებულების 10 ტონა ხორბლით, ავსტრიას 5 ათასი დოლარის ღირებულების 4 ტონა საქონლის შემოტანით და უმნიშვნელო მოცულობებით გერმანიას.
რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 15 მილიონ 468 ათასი დოლარის ღირებულების 59 530 ტონა ფქვილი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 54.3%-ით შემცირდა, მოცულობა კი 51.8%.
ფქვილის საიმპორტო ბაზრები, ხორბლისგან განსხვავებით, უფრო დივერსიფიცირებულია, თუმცა მთავარი იმპორტიორი ამ შემთხვევაშიც, ტრადიციულად რუსეთია. იმპორტის კლებაც სწორედ რუსეთიდან შემცირებულ შესყიდვებს უკავშირდება. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- რუსეთი - $14 მლნ, 57 447 ტონა;
- თურქეთი - $866 ათასი, 1 583 ტონა;
- იტალია - $321 ათასი, 287 ტონა;
- ლიეტუვა - $53 ათასი, 130 ტონა;
- საფრანგეთი - $42 ათასი, 34 ტონა;
- ავსტრია - $16 ათასი, 20 ტონა;
მცირე მოცულობებით ფქვილის იმპორტი ასევე პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან განხორციელდა.
2022 წელს საქართველოში მეხორბლეობის დარგისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზიც მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შეძენას უძვირებდა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა, რამაც ხორბლის იმპორტისადმი ინტერესი შეამცირა, ფქვილისადმი კი გაზარდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ.
ქვეყანაში ხორბლის ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წელს დარგის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ გასული წლის 12 ივნისიდან ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში პირველ ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ოქტომბერში მთავრობამ, ისევ დარგის მოთხოვნით, ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაზარდა, ვადა კი 2024 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. ფქვილის გარდა, იმპორტის გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა, რაც ტონაზე 100 ლარითაა განსაზღვრული. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, გადაწყვეტილებამ იმუშავა და ქვეყანაში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობამ ქვეყანაში ფქვილსა და სხვა მარცვლეულზე საიმპორტო გადასახადი მარტის შემდეგ 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ეს იმ დროისთვის მეორე გადავადება იყო. თუმცა აგვისტოში კვლავ დარგის წარმომადგენლების მოთხოვნით და მთავრობის გადაწყვეტილებით, გადასახადის მოქმედების ვადა 2025 წლის 1 მარტამდეა გახანგრძლივებული. მეხორბლეების შეფასებით, გარდა იმისა, რომ ამ ვითარებამ სექტორზე დადებითად იმოქმედა, ქვეყნის ბიუჯეტშიც გადასახადის სახით დაახლოებით 40 მლნ ლარი შევიდა.