მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ხორბლისა და მესლინის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 26 მლნ 571 ათასი დოლარის ღირებულების 93 028 ტონა ხორბალი შემოვიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ხორბლის ექსპორტი შემცირებული იყო. მიზეზი მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში ხორბლის საექსპორტო ბაჟი გახდა, რამაც ამ დასახელების მარცვლეულის შემოტანა, ფქვილთან მიმართებით არარენტაბელური გახადა. (2022 წლის 7 თვე - 19.1 მლნ დოლარი, 55 550 ტონა). წელს საქართველოს მთავრობამ მარცვლეულის მწარმოებელთა და ადგილობრივ გადამმუშავებელთა მოთხოვნით ივნისიდან ფქვილის იმპორტზე დროებით გადასახადი დააწესა, რამაც ხორბლის იმპორტის ზრდასა და ადგილობრივი წისქვილების ამუშავებას შეუწყო ხელი.
საქსტატის მიხედვით, ხორბლის მთავარი საიმპორტო ქვეყანა ტრადიციულად წელსაც რუსეთია, საიდანაც 26 მილიონი დოლარის 91 543 ტონა ხორბალი შემოვიდა. შედეგად იმპორტის მოცულობა წლიურად 89.6%-ით გაიზარდა.
7 თვის მონაცემებით, ხორბლის მეორე საიმპორტო ქვეყანა უკრაინაა. ამ ბაზრიდან შეძენილი ხორბლის მოცულობა მცირეა და 1 484 ტონას შეადგენდა, რომლის ღირებულება 515 ათასი დოლარი იყო.
ამ პერიოდში უმნიშვნელო რაოდენობით ხორბალი გერმანიიდან და ავსტრიიდანაც შევიძინეთ.
რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, იანვარ-ივლისში იმპორტირებული ფქვილის ღირებულება 25.6%-ით შემცირდა, თუმცა მოცულობები თითქმის იგივე დარჩა. კლება მხოლოდ 0.9% იყო. ეს კი იმას ნიშნავს რომ საიმპორტო ბაზარზე გასული წლის 7 თვესთან შედარებით ფქვილი გაიაფდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანიდან 94 831 ტონა ფქვილის შესაძენად 26.9 მლნ დოლარი გავიდა, რომლის დიდი ნაწილი რუსეთზე მოდის.
იანვარ-ივლისში ჩრდილოელი მეზობელი ქვეყნიდან საქართველომ 26 მილიონ 065 ათასი დოლარის ღირებულების 93 434 ტონა შეიძინა. იმპორტირებული რუსული ფქვილის მოცულობა ამ პერიოდში 1.2%-ით შემცირდა.
კიდევ ერთი ქვეყანა, საიდანაც ფქვილის იმპორტი მოხდა თურქეთია (464 ათასი დოლარი, 687 ტონა). მას იტალია (126 ათასი დოლარი, 115 ტონა), უკრაინა (112 ათასი დოლარი, 192 ტონა), ბელარუსი (71 ათასი დოლარი, 201 ტონა), საფრანგეთი (43 ათასი დოლარი, 33 ტონა), ლიეტუვა (38 ათასი დოლარი, 100 ტონა) და ავსტრია (37 ათასი დოლარი, 40 ტონა) მოსდევენ.