მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადი გრძელვადიანი უნდა იყოს“ - ლადო ბიძინაშვილი

ბარაქა

საქართველოს მთავრობამ დაახლოებით 3 თვეა, რაც მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისა და გადამმუშავებლების მოთხოვნით, ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილება ძირითადად რუსეთიდან განხორციელებულ იმპორტს ეხება, რადგან საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი სწორედ რუსეთია. ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებამდე კი დარგში მძიმე ვითარება შეიქმნა - ბოლო 2 წელია ადგილობრივი წისქვილების 80%-ზე მეტმა საქმიანობა სრულად ან ნაწილობრივ შეაჩერა, რადგან ხორბლის ადგილზე გადამუშავებას და ფქვილის წარმოებას აზრი დაეკარგა. მიზეზი ხორბალზე არსებული ბაჟი, იმპორტირებული ფქვილზე კი ნულოვანი ბაჟი იყო. ამ პირობებში რუსული ფქვილი ქართულ ბაზარზე გაცილებით დაბალ ფასად შემოდიოდა. დროებითი საიმპორტო საფასური 10 ივნისიდან შევიდა ძალაში და 5 თვის განმავლობაში იმოქმედებს. საიმპორტო გადასახადის დაწესებიდან სტატისტიკის მიხედვით, პირველივე თვეს, ივნისში წინა თვეებთან შედარებით ფქვილის იმპორტი შემცირდა და აპრილში 4,3 მილიონი დოლარის ფქვილის იმპორტი განხორციელდა, ხოლო მაისში 3,9 მილიონი დოლარის, ივნისში, ანუ რეგულაციის დაწესების თვეს, ეს მაჩვენებელი 3,5 მილიონ დოლარამდე, ივლისში კი 1,7 მილიონ დოლარამდე შემცირდა. რა შეცვალა მოსაკრებლის დაწესებამ წისქვილებისთვის და რა გამოწვევების წინაშე დგანან ადგილობრივი წისქვილები დღეს - ამ კითხვებს გადაცემა „საქმიან დილაში“ წისქვილკომბინატ „ბარაქას“ ხელმძღვანელმა ლადო ბიძინაშვილმა უპასუხა.

დარგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესების დროებითმა, საპილოტე ვერსიამ ადგილობრივ გადამმუშავებლებზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ოპერირების პროცესში გამოიკვეთა დეტალები, რომლებმაც დღის წესრიგში ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება დააყენა.

„რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესება დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა მუშაობა დავიწყეთ. ეს იყო საპილოტე გადაწყვეტილება და არის ნიუანსები, რომელიც პრობლემებს ქმნის, რაზეც ვმუშაობთ. ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებამ ფქვილის რუს მწარმოებლებთან კონკურენციაში შესვლის შესაძლებლობა მოგვცა, რაც ხორბლის იმპორტის ზრდასა და ჩვენს დატვირთულობაზეც აისახა. აქედან გამომდინარე წისქვილები მინიმუმ 50%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ“, - აღნიშნა ლადო ბიძინაშვილმა.

დადებითი ეფექტის პირობებში „ბარაქას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუცილებელია ეს გადასახადი გავრცელდეს ქატოზეც და მისი მოქმედების ვადა გახანგრძლივდეს, რათა წარმოებებმა გრძელვადიანი გეგმის გაწერა შეძლონ. 

„პირველი პრობლემა რაც გამოიკვეთა ის არის, რომ ხორბლის იმპორტისა და გადამუშავებისას წარმოებული პროდუქციის 70% ფქვილია, დანარჩენი კი ქატო. ეს გადასახადი მხოლოდ ფქვილზეა დაწესებული, ქატო კი განთავისუფლებულია საიმპორტო ბაჟისგან. გადასახედია საკითხი, როგორ შეიძლება ეს დაბალანსდეს და შეიძლება თუ არა ქატოზეც დაწესდეს გადასახადი, იქიდან გამომდინარე, რომ სარეალიზაციო ფასი ფქვილის და ქატოს ღირებულების შეკრებით გამოგვყავს. 

ამასთან ხუთთვიანი პერიოდი საკმაოდ მცირეა და ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი გრძელვადიანად უნდა დაწესდეს, რათა ბიზნესმა გრძელ ვადაში შეძლონ მარაგების, შესყიდვებისა და სხვა საკითხების დაგეგმვა. 

სამინისტროსთან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს. რუსეთში დაწესებული ბაჟი ყოველკვირეულად იცვლება და ჩვენ მიერ დაწესებული ბაჟის გადახედვაც შეიძლება მოხდეს. 
სანამ რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი იარსებებს, თუ სარკისებური გადასახადი არ დაწესდება ფქვილის იმპორტზე, ხორბლის იმპორტიორები ფქვილის იმპორტიორებთან თანაბარ პირობებში ვერ ვიქნებით. შესაბამისად, ადგილობრივ მწარმოებლებს გვჭირდება ბერკეტები, რათა ჩვენი წარმოებები დავიცვათ“, - განმარტა „ბარაქას“ ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები