მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის I ნახევარში საქართველომ მხოლოდ რუსული ხორბალი იყიდა - იმპორტი მზარდია

ხორბალი

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში 27 მილიონ 569 ათასი დოლარის ღირებულების 114 290 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლის იმპორტის მოცულობა წლიურად 69.1%-ით, ღირებულება კი შედარებით ნაკლებად 33.4%-ით გაიზარდა, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს საქართველოს ხორბლის იმპორტი გაუიაფდა, რაც მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირებამ განაპირობა.

2022 წელს საქართველოში მეხორბლეობის დარგისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზიც მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შეძენას უძვირებდა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა, რამაც ხორბლის იმპორტისადმი ინტერესი შეამცირა, ფქვილისადმი კი გაზარდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ.

ქვეყანაში ხორბლის ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წელს დარგის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ 12 ივნისიდან ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში პირველ ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ოქტომბერში მთავრობამ, ისევ დარგის მოთხოვნით, ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაზარდა, ვადა კი 2024 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. ფქვილის გარდა იმპორტის გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა, რაც ტონაზე 100 ლარითაა განსაზღვრული. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, გადაწყვეტილებამ იმუშავა და ქვეყანაში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობამ ქვეყანაში ფქვილსა და სხვა მარცვლეულზე საიმპორტო გადასახადი მარტის შემდეგ 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ხორბალი მხოლოდ რუსეთიდან შეიძინა. 114 290 ტონა რუსული ხორბლის შესაძენად ქვეყნიდან 27 მილიონ 569 ათასი დოლარი გავიდა. იმპორტიორი ქვეყნების სტატისტიკაში გერმანიას და ავსტრიასაც ვხედავთ, თუმცა იმპორტის მაჩვენებელი მინიმალურია (გერმანია - 480 დოლარი, 0.20 ტონა; ავსტრია - 410 დოლარი, 0.51 ტონა)

რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, იანვარ-ივნისში საქართველომ 9 მილიონ 632 ათასი დოლარის ღირებულების 37 679 ტონა ფქვილი შეიძინა. იმპორტის ღირებულება 61.8%-ით შემცირდა, მოცულობა კი 56.7%.

ფქვილის საიმპორტო ბაზრები, ხორბლისგან განსხვავებით, უფრო დივერსიფიცირებულია, თუმცა მთავარი იმპორტიორი ამ შემთხვევაშიც, ტრადიციულად რუსეთია. სტატისტიკის მიხედვით, შეძენილი საქონლის 96.7% რუსულ ფქვილზე მოდის. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  • რუსეთი - $8 მლნ, 36 433 ტონა;
  • თურქეთი - $500 ათასი, 910 ტონა;
  • იტალია - $164 ათასი, 148 ტონა;
  • ლიეტუვა - $49 ათასი, 125 ტონა;
  • საფრანგეთი - $36 ათასი, 30 ტონა;
  • ავსტრია - $16 ათასი, 20 ტონა;

მცირე მოცულობებით ფქვილის იმპორტი ასევე პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან და ბელარუსიდან განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები