მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო 5 თვეში ბიუჯეტში ₾12 მილიონი გადავიხადეთ“ - რა გავლენა იქონია ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებამ?

ხორბალი

„ბოლო 5 თვის განმავლობაში წისქვილკომბინატების მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა 12 მლნ ლარია,“ - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

სილაგავას თქმით, საქართველოში 10 ივნისიდან 1 ტონა ფქვილის იმპორტზე 200 ლარიანი გადასახადის დაწესებამ, 10 ოქტომბრიდან კი იმპორტის გადასახადის მოცულობის 250 ლარამდე გაზრდამ, პოზიტიური ეფექტი იქონია როგორც კომპანიებზე, ისე სახელმწიფოზე.

„ჩვენ ახლა ვართ შედეგის მიღწევის პროცესში, ეფექტი რა თქმა უნდა არის, თუმცა სწორება გვაქვს იმ სწორი კონკურენციის პირობებზე, რომელიც იყო 2021 წლამდე, 2021 წლის ივნისში დაიწყო ეს პრობლემები ჩვენთვის, მაშინ როდესაც შემოღებულ იქნა მცურავი ბაჟი ხორბალზე და იგივე დარჩა ფქვილზე. მანამდე ადგილობრივი წისქვილკომბინატების მიერ გადამუშავებული ფქვილი 98% იყო და მხოლოდ 2% მოდიოდა იმპორტზე. ჩვენი სამიზნე ეს არის, რომ აქეთ წავიდეთ. ახლა დაახლოებით 60% ადგილობრივ წისქვილკობინატებზე მოდის და 40%-ია ფქვილის იმპორტი.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პურის ფქვილზე დაწესებული გადასახადი, რაც ივნისიდან არის შემოღებული, არ არის მიმართული ბიუჯეტიდან რაიმე თანხის აღებაზე, ეს არის მხოლოდ გათანაბრება. გადაწყვეტილებამ ბოლო 5 თვის განმავლობაში უზრუნველყო 12 მლნ ლარის გადახდა ბიუჯეტისთვის. ეს ხაზს უსვამს, რომ შემოთავაზებული ფორმულა საკმაოდ ნორმალური იყო და ვინიცობაა პურის გაძვირება დაიწყოს, ეს 12 მლნ ლარი, ანუ თვეში 2 მლნ, ფაქტობრივად აბალანსებს შესაძლო პურის გაძვირებას.“ - განმარტა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას სილაგავამ.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ 38 მლნ დოლარის ღირებულების 143 433 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის ღირებულება გასული წლისას მხოლოდ 0.5%-ით აღემატება, მოცულობა კი 36.6%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ საექსპორტო ბაზარზე ხორბლის ღირებულება შემცირდა.

რაც შეეხება ფქვილს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში ჯამურად საქართველოში 31 მლნ 306 ათასი დოლარის ღირებულების 113 305 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა. ეს კი წლიურად ღირებულებაში 37.5%-ით, მოცულობაში კი 14.3%-ით შემცირებული რიცხვებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები