მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს მთავრობას ქუთაისის პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით?

5de154ddcc21d
BM.GE
29.11.19 21:23
1532
„რამდენიმე მსხვილ ობიექტზე, მათ შორის ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობაზე, ამ ეტაპზე, გამიჭირდება თქმა, გადავწყვეტთ თუ არა მათ პრივატიზებას. ამაზე ვიმსჯელებთ, თუმცა, რომ მოხდეს, მაგალითად, პარლამენტის შენობის გასხვისება, როგორც ეკონომიკის მინისტრი, არანაირად არ გამოვრიცხავ, მაგრამ მანამდე უნდა მოხდეს ამ ქონების ინვენტარიზაცია-შეფასება, რაც უკვე დაწყებული გვაქვს“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქონების ინვენტარიზაცია და შეფასება ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესია, რომელიც ყოველთვის მიმდინარეობს, როდესაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თავის ბალანსზე იბარებს ობიექტს.

„მაგალითად, დღეს ხდება, პარლამენტის, როგორც ორგანიზაციის ბალანსიდან ამ შენობის გადმობარება და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ამ ქონების ინვენტარიზაცია-შეფასება. სხვა საკითხია, შემდგომში რა მოხდება და რას გადავწყვეტთ - ჯერჯერობით ვიფარგლებით იმით, რომ შევაფასოთ ეს ობიექტი და შემდეგ მთავრობაში ვიმსჯელოთ მის განკარგვაზე“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც მინისტრმა განმარტა, მთავრობის მთავარი ამოცანა არის არა ასეთი ქონების გასხვისება, არამედ მისთვის რაციონალური ფუნქციის მოძებნა. „სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე გადავწყვეტთ შემდგომ ტაქტიკას - ეს იქნება აუქციონით პრივატიზება, სახელმწიფო საკუთრებაში დატოვება და მართვაში გადაცემა თუ საინვესტიციო პირობებით ინვესტორის მოძებნა - ეს ტაქტიკაა, მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ შენობა აუცილებლად უნდა იყოს თავისი ფუნქციონალით გამოყენებული. აქედან გამომდინარე, გვაქვს დავალებაც მიღებული, რომ ვიფიქროთ ასეთი შენობების დატვირთვაზე, მისთვის სწორი ფუნქციონალისა და მისიის მოძებნაზე, რადგან ამაში ბიუჯეტის, ხალხის ფულია დახარჯული“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ არსებობს მოთხოვნა ბაზარზე, რა თქმა უნდა, მთავრობა იფიქრებს კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის ყველაზე მორგებულ ფორმაზე, დანარჩენი კი არის ტაქტიკის ნაწილი. „ჩვენი ამოცანაა, არც ერთი სახელმწიფო ქონება არ იყოს მოცდენილი“ - აღნიშნა მინისტრმა.