03.აპრილი .2022 18:49

რა ღირებულების ღვინო დარჩება გაუყიდავი საქართველოს 2022 წელს - TBC Capital-ის 2 სცენარი

რა ღირებულების ღვინო დარჩება გაუყიდავი საქართველოს 2022 წელს - TBC Capital-ის 2 სცენარი
views 3215
უკან

"თიბისი კაპიტალმა" ღვინის ინდუსტრიაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით სექტორში მოვლენების განვითარების ორი სცენარია განხილული.

პირველი სცენარით, რომელიც პრობლემის დროულ გადაჭრას ითვალისწინებს, რუსეთზე დაკისრებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, ქართული ღვინის ექსპორტი 33%-ით შემცირდება. კონკრეტულად რუსეთის ბაზარზე, გადახდის პრობლემების დროული მოგვარების შემთხვევაში, ექსპორტი ამ ბაზარზე 38%-ით შემცირდება.

რაც შეეხება უკრაინას, აქ ღვინის ექსპორტის განახლებას წლის ბოლოდან არ ვარაუდობენ, ეს კი საქართველოსთვის უკრაინაში წლიური ექსპორტის 90%-იან ვარდნას გამოიწვევს. კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მოვლენები პირველი სცენარით განვითარდება საქართველოს $87 მილიონის ღირებულების ღვინო გაუყიდავი დარჩება.

მეორე სცენარით, რომელიც პრობლემის უფრო დაგვიანებით გადაჭრას ითვალისწინებს, ქვეყანაში მთლიანი ექსპორტი 44%-ით შემცირდება. ამ სცემარით, რუსეთში გადახდის პრობლემების მოუგვარებლობის გამო საქართველოდან ექსპორტი 55%-ით შემცირდება. უკრაინაში ორივე სცენარით ერთნაირი ტენდენცია შენარჩუნდება, სხვა დანარჩენ ქვეყნებში კი ექსპორტს 14%-იან შემცირებას უნდა ველოდოთ. რაც შეეხება გაუყიდავი ღვინის მოცულობას, აქ ეს რიცხვი $116 მლნ-ს მიაღწევს.

"თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაში ისიც აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში თუ რუსეთ-უკრაინის ომი არ მოხდებოდა, 2022 წელს ღვინის ინდუსტრიას დაბალანსებულ ზრდა ექნებოდა. მათი ვარაუდით, ღვინის ექსპორტი 2021-თან შედარებით ჯამში 11%-ით, რუსეთში 10%-ით, ხოლო უკრაინაში 9%-ით გაიზრდებოდა.

ინფორმაციისთვის, 2021 წელს საქართველომ რუსეთში $130 მლნ-ის, უკრაინაში კი $23 მლნ-ის ღირებულების ღვინო გაყიდა. სხვა ქვეყნებიდან მიღებულმა შემოსავალმა $81 მლნ შეადგინა.