მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება "მაუწყებლის შესახებ" კანონში? - "ცვლილებები ერთ პირს - კახა ბექაურს მოარგეს"

5da897f2c168e
სალომე მეცხვარიშვილი
18.10.19 12:02
1516
მოარგეს თუ არა "მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები კახა ბექაურს, რომელსაც მომდევნო წლის იანვარში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ვადა ეწურება? ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი კითხვა კანონპროექტზე, რომელიც დაჩქარებული წესით პარლამენტში განიხილება. კანონში ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით შედის:

- კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმდჯომარის გადაყენება რთულდება;

- კომისიის თავმდჯომარედ ერთი პირი შესაძლოა, რამდენჯერმე აირჩიონ, რაც ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია.

დღესდღეობით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე შეიძლება გახდეს კომისიის 5-კაციანი შემადგენლობიდან ერთ-ერთი, კომისიის წევრებს კი 6 წლის ვადით პარლამენტი ამტკიცებს. მარეგულირებლის თავმჯდომარეს სწორედ კომისიის წევრები ირჩევენ, თუმცა, ერთი პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ, 3 წლის ვადით. ახალი რედაქციით კი, ეს შეზღუდვა ქრება. შესაბამისად, მარეგულირებელი კომისიის თავმდჯომარის თანამდებობაზე პირი შეიძლება 2-ჯერ ან მეტჯერაც აირჩიონ. საქმე ისაა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად ყოფნა მაქსიმუმ 2 ვადით არის შესაძლებელი ანუ სულ 12- წლით და თუ თავმჯდომარედ ყოფნასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოიხსნა, ეს ნიშნავს, რომ ამ 12 წლის განმავლობაში კომისიას შეიძლება მართავდეს ერთიდაიგივე პირი. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

რატომ გახდა საჭირო კანონპროექტის მიღება? კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

“ვინაიდან, კომისიას და კომისიის წევრს კანონით მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას, კომისიის წევრები უფლებამოსილები უნდა იყვნენ თვითონ გადაწყვიტონ, კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარედ აირჩიონ იგივე თუ სხვა კომისიის წევრი. აღნიშნული, არა მხოლოდ უზრუნველყოფს კომისიის წევრების სრულ დამოუკიდებლობას მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ, გააძლიერებს კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამასთან, კომისიის წევრის კომისიის თავმჯდომარედ ისევ არჩევის შესაძლებლობა მეტ გარანტიებს უქმნის არჩეულ კომისიის თავმჯდომარეს სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია და განახორციელოს ეფექტური მენეჯმენტი”,-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ეს არგუმენტაცია არასაკმარისად მიაჩნია არასამთავრობო სექტორს. ამასთან, მათში კითხვის ნიშნებს აჩენს კანონპროექტის დაჩქარებითი წესით განხილვა. მათი თქმით, კანონპროექტი, შესაძლოა, მოქმედ თავმჯდომარეზე კახა ბექაურზე იყოს მორგებული, რამდენადაც მას უფლებამოსილების 3-წლიანი ვადა ამ თანამდებობაზე მომდევნო წლის იანვარში ეწურება.

“აღნიშნული კანონპროექტი ნამდვილად არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუ რისთვის არის ის წარდგენილი. იმ ფონზე, როცა კომისია არის ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ, კომისიის თავმჯდომარის მიმართ კითხვები არსებობს, რამდენად არის ობიექტური თუ არაობიექტური, ეს კანონპროექტი ცალსახად არის ერთ პიროვნებაზე, ბატონ კახი ბექაურზე მორგებული”,-აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მედია პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” კი აღნიშნავენ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კოლეგიური ორგანოა და ერთი და იმავე პირის თავმდჯომარედ დიდი ხნის განმავლობაში დანიშნვნა არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს.

“ამ არგუმენტაციას ვერ გავიზიარებთ. იქ მითითებულია, რომ ეს საკითხი გამომდინარეობს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობიდან, თუმცა, თავმჯდომარის 12 წლის ვადით არჩევა ნამდვილად არ არის ადმინისტრაციული ორგანოს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული”,- აცხადებს “საიას” იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

“მაუწყებლის შესახებ კანონში” ცვლილებები შედის კომისიის თავმჯდომარის მოხსნის წესთან დაკავშირებითაც. თუ აქამდე მარეგულირებლის თავმჯდომარის გადაყენება შესაძლებელი იყო უმრავლესობით, ახლა პროცედურა რთულდება. შესაბამისად, თავმჯდომარის მოსახსნელად კომისიის 5 წევრიდან 4 წევრის თანხმობაა საჭირო. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია ეს ჩანაწერიც, მათი თქმით, გაუგებარია, რატომ არის საჭირო კომისიის წევრის არჩევისთვის უფრო ნაკლები ხმა, ვიდრე მისი გადარჩევისთვის. “საიას” იურისტი ამბობს, რომ ეს ჩანაწერი თავმჯდომარის გადაყენებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

“წარმოდგენილი კანონპროექტით, თავმჯდომარის გადარჩევისთვის საჭიროა კომისიის სრული შემადგენლობის ⅘-ის ხმა, ანუ კომისიის 4 წევრის ხმა. გვქონია შემთხვევები, როცა სულაც არ ყოფილა კომისიის 5 წევრი სახეზე და ყოფილა კომისიის 4 წევრი, ამ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება კომისიის თავმჯდომარის გადაყენება”,- აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.

კომუნიკაციების კომისიის დღეს მოქმედი არჩევის წესი 2013 წელს დადგინდა, როცა მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. მანამდე კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა და ეს თავად კომისიის წევრების გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არ იყო. მაშინდელი კანონპროექტის ინიციატორი თამარ კორძაია, ამბობს, რომ ცვლილებები სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ კომისია ბევრად უფრო დამოუკიდებელი გამხდარიყო.

გაზრდის თუ შეამცირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობის ხარისხს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები - ეს არის მთავარი კითხვა. კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში თემის კომენტირებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.