მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რა ნერვები და გაძლება აქვს ENKA-ს“ - გიორგი ქობულია „ნამახვანჰესის“ პროექტზე

61040f3e5f286
თელარა გელანტია
30.07.21 23:00
2663
„რა ნერვები და რა გაძლება აქვს ENKA-ს, ეს საერთოდ ცალკე საკითხია“ - ეს განცხადება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ BMG-ისთან ინტერვიუში „ნამახვანჰესის“ $800-მილიონიანი პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ექს-მინისტრი ყვება, რომ „ნამახვანჰესის“ ინვესტორებს პრობლემები მისი მინისტრობის პერიოდშიც ჰქონდათ. გიორგი ქობულია მათთან კომუნიკაციასაც იხსენებს.

„მე როცა მინისტრი ვიყავი, ეს საკითხი მაშინაც ისევე მწვავედ იდგა, როგორც - დღეს და ზოგდად, ბევრი წლის განმავლობაში. ENKA-ს ხელმძღვანელი პირები ჩემთანაც მოვიდნენ და მითხრეს, რა მძიმე დღეში არიან“, - თქვა გიორგი ქობულიამ და ინტერვიუში იმ მექანიზმებზეც ისაუბრა, რომელიც მას ენერგეტიკაში შექმნილი პრობლემების მოგვარების გზად ესახებოდა.

„მე მქონდა წინადადება, რომელიც მთავრობის დონეზე განვიხილეთ. ის გულისხმობდა სპეციალური განყოფილების შექმნას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტდებოდა, დაწყებული ეკონომიკის სამინისტროთი, დამთავრებული შსს-ს და სახელმწიფო უშიშროების წარმომადგენლებით. ენერგეტიკაში იმდენად დიდი საინვესტიციო პოტენციალია, რომ ეს დარგი იმსახურებს, დაახლოებით, 50-კაციან ცალკე სამსახურს. მათ კომპეტენციაში შევიდოდა როგორც პოტენციური პროექტების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ყველაზე მთავარი, რაც დღეს პრობლემას წარმოადგენს - მოსახლეობასთან კომუნიკაცია და იმის ახსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ჰიდროპოტენციალის ათვისება, რადგან პრაქტიკულად, ჩვენ ისედაც არ გვაქვს ბევრი სფერო, რომელიც ინვესტორებისთვის მიმზიდველია“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ და დასძინა, რომ მისი წინადადება მთავრობამ მოიწონა, მაგრამ ფაქტია, მსგავსი სპეციალური სამსახური არ შექმნილა.

BMG-მ გიორგი ქობულიას მოქმედი პრემიერ-მინისტრის ის განცხადებაც შეაფასებინა, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილმა ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტი გააკრიტიკა. „მემკვიდრეობით დამხვდა ENKA-სთან 100-წლიანი კონტრაქტი... პროექტი ასე არ გაგრძელდება“, - თქვა 9 ივნისს ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის აზრით, მსგავსი განცხადებების გაკეთება არასერიოზულია.

„არ შეიძლება ვიყოთ ისეთი ზედაპირული, რომ ასეთი კომენტარი გავაკეთოთ. თქვენ რომ მკითხოთ ENKA-სთან კონტრაქტი კარგია თუ ცუდი, მე, მაგალითად, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხისგან, რადგან არასერიოზულია ასე საუბარი, როცა კონტრაქტი შედგენილია პროფესიონალების მიერ. ENKA არის ძალიან მსხვილი კომპანია. ის არაა მხოლოდ თურქული კომპანია, ისაა თურქული წარმოშობის საერთაშორისო კომპანია. იქ მუშაობენ მსოფლიო დონის ექსპერტები, როგორც იურიდიულ, ისე ტექნიკურ საკითხებში; კონტრაქტი 100 გვერდზე მეტია და იმის თქმა, რომ კონტრაქტი ცუდია, აბსოლუტურად არასერიოზულია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სწორი პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების შესრულებისთვის უნდა გვქონდეს გეგმა, რომელიც არ გვაქვს. ქაღალდზე სულ დაწერ, რომ ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ შედეგი სად არის?! როგორც ხედავთ, კომპანია ENKA ამდენი ხნის განმავლობაში წვალობს… რა ნერვები აქვს და რა გაძლება ამ კომპანიას, ცალკე საკითხია“, - ამბობს გიორგი ქობულია.