მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ნიშნულზეა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა?

6325a60a9bc86
მარიამ იზორია
17.09.22 15:44
520
საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა პანდემიამდე ნიშნულს ჯერჯერობით ვერ დაუბრუნდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 454,166 ტონა შეადგინა, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტი კი 16 110,775 ტონა ტვირთს მოემსახურა.

პანდემიის შემდეგ აღდგენა საქართველოს საავიაციო სატვირთო ბაზარზე ნელი ტემპით ხდება. მიმდინარე წელს, გასულ 2021 წელთან შედარებით სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 0,38%-ით გაიზარდა. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 11 411,107 ტონა ტვირთი გადაზიდეს.

აღნიშნულ მონაცემებს ეხმაურება საავიაციო სექტორის ანალიტიკოსიც. იგორ აფციაურის განმარტებით, მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ უმნიშვნელო ზრდა აჩვენა, თუმცა ზოგადად, ბაზარი მზარდ ტემპს ინარჩუნებს.

“ჩემი ვარაუდით, ზრდის ტენდენცია 3-5 წლამდე შენარჩუნდება. იანვარ-აგვისტოს პერიოდში, გასულ წელთან შედარებით, უმნიშვნელო ზრდა ფიქსირდება. 2019 წელთან შედარებით მიმდინარე წელს დაახლოებით 30%-იანი ვარდნა გვაქვს, კოვიდამდე მონაცემებს ჯერ ვერ დავუბრუნდით. თუმცა კარგია ის, რომ ამ პერიოდში ახალი ქართული ავიაკომპანიები გაჩდნენ” - ამბობს ის.

იგორ აფციაური ავიაგადამზიდავ კომპანიებზე საწვავის ფასის ზრდის გავლენას აფასებს. საავიაციო სექტორის ანალიტიკოსის განმარტებით, საწვავის ღირებულების ზრდამ ტვირთების გადაზიდვის ფასი გაზარდა.

“ახლა საწვავს რეკორდული ფასი აქვს, ველოდებით, რომ წლის ბოლომდე დასტაბილურებას დაიწყებს. ავიაკომპანიებისთვის ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან საწვავი მათი საოპერაციო ხარჯების 45%-ს შეადგენს.

სწორედ ამის გამო, 1 კილო ტვირთზე ჩარტერული ფასი გაზრდილია. კოვიდამდე პერიოდს თუ შევადარებთ გაორმაგებულია” - აღნიშნავს იგორ აფციაური.