მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პერიოდულობით მოხდება ავტომობილებზე თხევადი აირის აირბალონის ტექინსპექტირება?

5e024c8695da5
BM.GE
24.12.19 21:41
1381
აირბალონის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ვადა იქნება 5 წელი. ხოლო სისტემის ინსპექტირება 3 წელიწადში ერთხელ განხორციელდება, - ამის შესახებ აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩიტაძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

შეგახსენებთ, 2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სავალდებულო გახდება.

თუ რა ეღირება პერიოდული ინსპექტირება, ამაზე გიორგი ჩიტაძემ განაცხადა, რომ ეს ცენტრების გადასაწყვეტია.

„საფასურთან დაკავშირებით მე ვერ გეტყვით, ვინაიდან ეს თავად ცენტრებმა უნდა გადაწყვიტონ, ამას ბაზარი არეგულირებს. რაც შეეხება პერიოდულობას, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ჩვენ ავიღეთ ოპტიმალური ვადა და აირბალონის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, თუ მას აქვს ყველაფერი მწყობრში, არის 5 წელი. ხოლო სისტემის ინსპექტირება 3 წელიწადში ერთხელ განხორციელდება. ეს არ ეხება იმ აირბალონებს, რომელიც ქარხნის მიერ აქვს ჩაყენებული მანქანას.

საქართველოში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მომრავლდა თხევადი აირის გამოყენების ფაქტები, შესაბამისად სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ეს მოაქციოს ისეთივე რეგულირების ქვეშ, როგორც ეს ევროპაშია.

ამ ეტაპზე საქართველოში უკვე არის აკრედიტირებული ოთხი ცენტრი - ქუთაისში, გორში, კახეთში და თბილისში. კიდევ გარკვეულ მათგანზე დაწყებულია აკრედიტაციის პროცესი. კომპანიები რამდენიმე თვე მუშაობენ იმაზე, რომ მიიღონ შესაბამისი აკრედიტაცია. ბაზარი არის გახსნილი და მათი რაოდენობა მიაღწევს იმდენს, რამდენსაც ბაზარი მოითხოვს“, - განაცხადა გიორგი ჩიტაძემ.

თუ რამდენი ავტომობილი მუშაობს თხევად აირზე, ამის ზუსტი სტატისტიკა ჩიტაძის თქმით, მას არ აქვს:

„ გამიჭირდება გითხრათ ზუსტი ციფრი. რთულია ამის განსხვავება დღეს, როდესაც ხდება ავტომანქანის რეგისტრაცია, მიეთითება აირი საწვავის ტიპად, თუმა, არ მიეთითება ეს არის ბუნებრივი აირი თუ თხევადი აირი. ამიტომაც შესაბამისი ინფორმაციის მიღება მას შემდეგ მოხერხდება, რაც ცენტრებში ასეთი მანქანების მიმართვიანობა დაიწყება. მინდა აღვნიშნო, რომ თხევადი აირი განსხვავდება ბუნებრივი აირისგან. ბუნებრივი აირის სისტემა და აირბალონი უფრო მაღალ წნევაზე არის გათვლილი, ხოლო თხევადი აირის შემთხვევაში უფრო დაბალ წნევაზე“, - აღნიშნა ჩიტაძემ.

აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ თხევადი აირის აირბალონი და სისტემა, 2020 წლის 1 იანვრიდან ვალდებულები იქნებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი იქონიონ.