მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ მიკრობანკებს - თემაზე სებ-მა მუშაობა დაასრულა

614a3cd1b5687
თათია ჩაფიჩაძე
22.09.21 00:38
783
საქართველოს საფინანსო ბაზარზე პირველი მიკრობანკი სავარაუდოდ 2022 წლიდან გაჩნდება. შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა უკვე დაასრულა და ის პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ-ით განისაზღვრა, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. ამავე პირობების თანახმად, 100 ათასიდან 1 მლნ-მდე იზრდება სესხის გაცემის ლიმიტი, რაც მათ ერთი მხრივ უცხოურ ვალუტაში, მეორე მხრივ კი მიკროსთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს.

„ვინაიდან 100 ათასი ლარი იყო ზედა ზღვარი მიკროსაფინანსოებისათვის, და მეორე მხრივ კანონი ითხოვდა რომ 200 ათას ლარამდე დაკრედიტება მხოლოდ ლარში უნდა ყოფილიყო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იძულებულები იყვნენ, მხოლოდ ლარში განეხორციელებინათ დაკრედიტება. ეს კანონი უკვე საშუალებას იძლევა როგორც ლარში, ისე უხოურ ვალუტაში დაკრედიტების, რაც ძალიან სერიოზული ნაბიჯია თუ იმას გავითვალისწინებთ რომ მსხვილი მისო-ების ერთ ნაწილს დაფინასება უცოხურ ვალუტაში აქვთ და ეს განსხვავება რომ დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში იყო, ხოლო აქტივების 99% ლარში, ქმნიდა სავალუტო რისკებს, რაც პრობლემა იყო ჩვენთვის. ვფიქრობ კანონი იძლევა ამ პრობლემის მოგვარების შესასძლებლობას.“ - აცხადებს BM.GE-თან "ემ ბი სის" გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ მიკრობანკის ლიცენზიისათვის განაცხადის გაკეთებას აპირებს.

სექტორის ჩართულობით მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ, რაც მეწარმეების გადინების რაოდენობას შეამცირებს.

ამ დროისთვის მიკრობანკის ლიცენზიის აღების სურვილი მოქმედი 39 მიკროსაფინასოდან 3-ს აქვს, რომელთა შორის "ემ ბი სისთან" ერთად, "კრისტალი" და "ლაზიკაა".

აღსანიშნავია, რომ საკანონდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუამავალი რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში დღეისთვის სულ 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათი მთლიანი აქტივები 1.5 მილიარდი ლარი, საკრედიტო პორტფელი კი 1.25 მილიარდი ლარია.