მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემები გამოიკვეთა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შემდეგ საქართველოში?

62557f41d6fa1
თათია ჩაფიჩაძე
12.04.22 23:05
4061
თურქული მედიკამენტებისთვის საქართველოს ბაზრის გახსნიდან ორთვენახევრის შემდეგ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 10 ათასამდე რეგისტრირებული წამლიდან, 200 ყველაზე მოთხოვნადი წამალი 70%-ით ხელმისაწვდომია. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ თურქეთის ბაზრის გახსნა და ელექტრონული რეცეპტების სისტემა ბაზარზე სიტუაციას რადიკალურად გააუმჯობესებს.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი ფასის კლების ნაწილში ღარიბაშვილის ოპტიმიზმს იზიარებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია აქცენტი ხარისხობრივ კომპონენტზე გაკეთდეს. კიდევ ერთი პრობლემა კი რაოდენობების არარსებობას უკავშირდება.

„პრობლემა არის ის, რომ თურქული წარმოშობის მედიკამენტები საქართველოში ამა თუ იმ კონკრეტულ წამალზე არსებული მოთხოვნის მხოლოდ მცირე ნაწილს აკმაყოფილებს.

პროცესმა დადებითი ეფექტი მოგვცა ფასების ნაწილში მთელ რიგ მედიკამენტებზე, ასევე დადებითია რომ გარკვეულმა თურქულმა კომპანიებმა ფასი კიდევ დაწიეს. ახლა ჩვენ ველოდებით იმ ნაბიჯებს, რომლებიც უფრო მეტად მოახდენს ხარისხის კონტროლს. როგორც კი ჩვენ ვამარტივებთ პროცედურებს, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ რისკები, რაც ამ პროცესს ახლავს. პირველი ეს არის მოწოდების რეგულარობა, მეორე - ხარისხი, რომელიც უნდა იყოს შემოწმებული უმაღლესს დონეზე, ვინაიდან თურქეთში კვლავ მაღალია ფალსიფიცირებული მედიკამენტების მიმოქცევის რისკი. რეალურად როგორ ხდება ხარისხის კონტროლი, რა მექანიზმით ხორციელდება, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.

ასევე ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი მიზანი ხელმისაწვდომობის გარდა, არის მოხმარების შემცირება. არარაციონალური მოხმარება უნდა შევამციროთ. ამ მხრივ დადებითია ელექტრონული რეცეპტის შემოღება, სადაც ჯერ არის ტექნიკური ხარვეზები, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და იმედია გამოსწორდება.

მხოლოდ მეზობელი ქვეყნის კარგი სისტემით არ უნდა ვისარგებლოთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი სისტემა. სისტემური ცვლილება მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ინტერესი საერთაშორისო კომპანიების მხრიდანაც, რათა ისინი აქ იყვნენ.“ - განაცხადა მარგველაშვილმა.