მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჩუქრები პაციენტისთვის გამოწერილი კონკრეტული წამლის სანაცვლოდ - რა სქემებში მონაწილეობენ ქართველი ექიმები?

რეცეპტი

სხვადასხვა სახის გასამრჯელო პაციენტისთვის კონკრეტული მედიკამენტის, თუ სამედიცინო ჩარევის დანიშნულების სანაცვლოდ - ასე გამოიყურება სქემა, რა გზითაც ექიმების ნაწილი ფარმაცევტული კომპანიებისგან, თუ კლინიკებისგან სოლიდურ ანაზღაურებას იღებს.

ძვირად ღირებული ტექნიკა, მოგზაურობა, ვაუჩერები და ფულიც კი - ასე გამოიყურება იმ „საჩუქრების“ ჩამონათვალი, რაც ექიმ ჯაბა ზარქუას თქმით, კონკრეტული წამლის ან კონკრეტული სამედიცინო კვლევის დანიშნულების სანაცვლოდ კომპანიებთან გარიგებაში შესული ექიმები იღებენ. პაციენტისთვის, თითქმის შეუძლებელია იმის გადამოწმება, ამოძრავებდა თუ არა ექიმს პირადი ინტერესი დანიშნულების დაწერისას.

„ყოველ დღე ვარ სხვადასხვა ქრთამის და არაკეთილსინდისიერი რაღაცის თავიდან არიდებაში. ასე იქცევა ყველა პატიოსანი ექიმი. პროცედურებიდან, კვლევებიდან, ქირურგიული ჩარევებიდან, წამლებიდან და ა.შ. ეს ფული შავი ფულია, არ ეკუთვნის ექიმს. ვიღაცას სინდისი გააჩერებს, მაგრამ ვიღაცის სინდისის იმედზე ხომ არ ვიქნებით პაციენტები?! რაღაცა უნდა არეგულირებდეს ამას, რომ პაციენტი იმაზე არ იყოს დამოკიდებული, ექიმი რა ხასიათზეა და ფულის შოვნა რა გზით მოუნდება.

სხვადასხვა ტიპის საჩუქრებს აძლევენ ექიმებს, ძვირად ღირებულ ტექნიკას, უშვებენ უცხოეთში, ფულს აძლევენ პირდაპირ. ამას მედიცინასთან შეხება არ აქვს, ეს უნდა გაქრეს“,- აცხადებს გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა BMG-სთან ინტერვიუში.

ექიმისა და ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომლობა ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ე.წ Sunshine Act-ით რეგულირდება. ის ფარმაცევტულ კომპანიებს ექიმებისათვის მათი ყველა ტრანსფერის, ექიმებს კი ყველა მიღებული თანხისა თუ საჩუქრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს.

პრობლემას აღიარებს და ამ გზით წასვლას აპირებს საქართველოს მთავრობაც. ჯანდაცვის მინისტრის სურვილია, ამ აქტს საქართველო მიმდინარე წლიდან შეუერთდეს.

„გვინდა, ყველაფერი ამ ბიზნესთან დაკავშირებული იყოს გამჭვირვალე, როგორც ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ექიმების მხრიდან“,-აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

ეს ინიციატივა კეთილსინდისიერად მომუშავე ექიმებისთვის გასახარი უნდა იყოს წესით, თუ შესრულდა. გამჭვირვალობა აქ წამალია. როცა პაციენტი ნახავს, რომ ექიმები მისი რეცეპტიდან მიღებული შემოსავლით ასე ცხოვრობენ, მისი რეპუტაცია ეჭვის ქვეშ დადგება და უნდა დადგეს კიდეც. ეს უნდა იყოს სახელმწიფოს მოვალეობა“,-აცხადებს ექიმი ჯაბა ზარქუა.

სამედიცინო პერსონალის არაეთიკური დაინტერესება მიუღებელია საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიებისთვისაც. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი მარგველაშვილი BMG-სთან აცხადებს, არაეთიკური მარკეტინგი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ბაზარი არაერთმა ევროპულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დატოვა.

„მანკიერი პრაქტიკაში გვაქვს გარკვეული გადახდები, ვაუჩერები, არის დოკუმენტაცია, რომლითაც ხდება მიდევნება, რომელმა ექიმმა რამდენი გამოწერა.

რამდენიმე კომპანიამ პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველოში დახურა წარმომადგენლობა. მათ ჩათვალეს, რომ ეთიკური გარემო არ არის დაცული და რეგულირებული. ასეთ გარემოში ოპერირება კი მათი იმიჯისთვის რისკის შემცველია. თუ ეთიკური გარემოს რეგულირების რეგულაცია ჩვენთან სწორად დაინერგება, ბაზარი მიმზიდველი გახდება ეთიკურად მოქმედი საერთაშორისო კომპანიებისთვის.

მეც მინახავს რაღაც ვაუჩერები, რომელსაც ნომერი აქვს. ზოგჯერ ეს დაკავშირებულია გარკვეულ აქციებთან, რა შემთხვევაშიც მესმის, მაგრამ ვთვლი, რომ ფარმაცევტულ კომპანიას აღრიცხოს თითოეულმა ექიმმა რამდენი წამალი გამოწერა, ამის საშუალება არ უნდა ჰქონდეს“,-აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა, გამჭვირვალე გახადოს ფარმაცევტული კომპანიების ტრანსფერები და ექიმების მიღებული შემოსავლები, მიესალმება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი სანდრო ურუშაძე.

„2010 წელს ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც უკრძალავს ექიმებს ფარმაცევტული კომპანიებისგან გასამრჯელოს მიღებას გამოწერილი წამლების სანაცვლოდ. ეს კანონი უნდა აღსრულდეს და ამას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. სამწუხაროდ, მედიკამენტების არარაციონალური მოხმარება, მათ შორის ხშირად არამედიკამენტებისაც, სხვა კვებითი დანამატების, ჯერ ერთი ფინანსური ტვირთია და მეორეც არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს. თუ ღიად იქნება გაცხადებული ექიმებისგან, თუ რა თანხებს იღებს და რა მხარდაჭერას იღებს ფარმაცევტული კომპანიებისგან, რომ ინტერესთა კონფლიქტს არ ჰქონდეს ადგილი პაციენტთან მიმართებაში, ეს არის სწორი ნაბიჯი“,-აცხადებს სანდრო ურუშაძე.

„ფარმაცევტული კომპანია იმთავითვე არ ნიშნავს ბოროტების სათავეს. ასეთ პროექტებს პატიოსანი და ავტორიტეტული ფარმაცევტული კომპანიები უფრო მეტად ემხრობიან, მათ უნდათ ბაზარზე თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა. გამოცდილი კომპანიების შიდა ეთიკური კოდექსი ავალდებულებს, რომ ქრთამებით არ უნდა მოისყიდონ ექიმები. უნდა ჩაუტარონ ტრენინგები, კონფერენციები, რომ მართლა დაიწყონ ექიმებმა ამ წამლების დანიშვნა, თორემ ფული რომ მისცენ წამლის დანიშვნაში, ასეთი რამე არ ხდება არსად. საეჭვო ფარმაცევტულ კომპანიებს ასეთი ეთიკური ბერკეტები არ აქვს და ვერ სჯობნიან მათ. წესიერი კომპანიები კი იჩაგრებიან.

ფარმაცევტულ კომპანიებთან ექიმების თანამშრომლობის წინააღმდეგი არავინ არის, უბრალოდ ეს უნდა იყოს ღია და საჯარო“,-განაცხადა ექიმმა ჯაბა ზარქუამ.

რა სახეს მიიღებს რეგულაცია, რომელმაც პაციენტები არაკეთილსინდისიერი ექიმების დაინტერესებისგან უნდა დაიცვას, ჯერ უცნობია. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სურს საქართველო ე.წ Sunshine Act-ს მიმდინარე წლიდან მიუერთდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები