მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებით შეხვდა სვანეთი ზამთრის სეზონს?

5e2034931cc3d
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.20 14:31
3913
"თოვლი არის სვანეთში, მაგრამ არც გზა იწმინდება ნორმალურად, დენი გამორთულია მთელს ზემო სვანეთში და ტურისტები იყინებიან სასტუმროებში, სადაც გათბობა მხოლოდ დენზეა", - წერს საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი Facebook-ის გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის BM.GE ია თაბაგარს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, სვანეთი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ტურისტულ სეზონს და შესაბამისად, მესტიის სასტუმროებში ამ პერიოდისთვის ბევრი თავისუფალი ადგილია.

"რა მოლოდინი ჰქონდა მესტიას ტურიზმის კუთხით, ამაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან არავის ჩაუტარებია კვლევა, არ არსებობს სამოქმედო და სტრატეგიული გეგმა. არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობა გზებზე. მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ დიდი ინვესტიციები განახორციელა თავის ბიზნესებში, ალბათ იმიტომ, რომ მოლოდინი ძალიან მაღალი იყო ზამთრის სეზონიდან.

ჩვენ, როგორც კერძო სექტორს, რა გვჭირდება სახელმწიფოსგან? სახელმწიფოსგან გვჭირდება უსაფრთხოება, გვჭირდება რომ გზები იყოს მოწესრიგებული, გარდა იმისა, რომ ასფალტი დაგებულია, გზები სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს, გვჭირდება დენის უზრუნველყოფის კონტროლი, გაზი, წყალი, გამართული სამედიცინო დახმარება და ლამაზი გარემო კურორტზე. ასევე უნდა ხდებოდეს მოსალოდნელი ტურისტების, მათი დანახარჯების და გადახდილი გადასახადების თვლა და ანალიზი – ეს  იმისათვის, რომ სამომავლოდ გვქონდეს საფუძველი ფინანსური ანალიზისთვის და ინვესტიციების მოზიდვისთვის. ამას უნდა მიხედონ სახელმწიფო უწყებებმა.

ახლა ძალიან რთული მდგომარეობაა, იმიტომ რომ სვანეთში თითქმის არ არიან ტურისტები. დაიხარჯა უზარმაზარი თანხები საბაგიროებზე, ტრასების მოწყობაზე და მივიღეთ ზამთრის ძალიან დაბალი დონის კურორტი. როგორც მესტიაში, ისე თეთნულდზე შეიძლება სრიალი, მართლაც კარგი ტრასებია, მაგრამ ჩნდება შეკითხვა: ვინ უნდა ისრიალოს, სად არის ეს ხალხი, რატომ არ ჩამოვიდნენ ისინი კურორტზე?", - სვამს კითხვას ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე და თავადვე პასუხობს, რომ ამის მიზეზი უშუქობა, გაუწმენდავი და საფრთხის შემცველი გზები, მოუწესრიგებელი საავადმყოფო, გაუმართავი საბაგიროები და შიდა გადაადგილების პრობლემებია.

"ხალხს ელემენტარულად მგზავრობის ეშინია, გზაზე სისტემატიურად ცვივა ქვები, რომელსაც უნდა მუდმივი წმენდა, როგორც მთავარ გზაზე, ასევე შიდა გზებზეა საუბარი.

გარდა ამისა, არ არის მოწესრიგებული საავადმყოფო. როდესაც ამხელა კურორტი ეწყობა, დავუშვათ ჩავიდა ხალხი, შესაბამისად მიმართვიანობაც გაიზრდება. არ არის ეს საავადმყოფო გათვლილი იმაზე, რომ ადამიანმა ძალიან სწრაფად მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.

ასევე დენის საკითხი მოუწესრიგებელია, მთელი მუნიციპალიტეტი ჩაბნელებულია ხოლმე და ეს საკითხი წლების განმავლობაში პრობლემად რჩება.

ჩვენ თუ ვედრებით ევროპის მაღალმთიან დასახლებებს, იქ არსებობს თავდაცვითი მექანიზმები და ყველაფრის ალტერნატიული გზები - დენის, გაზის, წყლის. სწორედ ეს განაპირობებს მომსახურების და ინფრასტრუქტურის ხარისხს, რომელიც ჩვენთან სამწუხაროდ ძალიან დაბალია", - განმარტავს თაბაგარი.

BM.GE-ს კითხვაზე, რა დატვირთვა აქვს სამთო კურორტს და იქ მდებარე სასტუმროებს, ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ დროისთვის მესტიაში სასტუმროები არ არის საკმარისად დატვირთული.

"როგორც წესი, ახალი წლის დღეებში ზამთრის კურორტებზე სასტუმროები საკმაოდ დატვირთულია. წელს დატვირთვა სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა გუდაურსა და ბაკურიანში უთოვლობის გამო. საკმაოდ დიდი ნაკადი საახალწლოდ სვანეთში წავიდა, სადაც თოვლი იყო და არის, თუმცა ადგილზე ბევრი პრობლემა დახვდათ.

შარშან ამ პერიოდში შესაძლოა უფრო მეტი ხალხი იყო, ალბათ რუსეთის ხარჯზე. წლევანდელი სეზონის დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ მარკეტინგი არ არის, ალბათ კურორტის ნაკლებ-პოპულაროლობა უხარისხო ინფრასტრუქტურის გამო. მესტიაში თითქმის ყველა ეზოში საოჯახო ტიპის სასტუმროა და მოსახლეობისთვის მასპინძლობა შემოსავლის დამატებითი წყაროა. სვანეთში ოთხ-სეზონიანი ვიზიტები უნდა იყოს მდგრადი და შემოსავლიანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

სვანეთში ჩადიან სხვადასხვა ქვეყნებიდან: უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და მეზობელი ქვეყნებიდანაც არიან, ზოგი – არასათხილამურო ვიზიტით, უბრალოდ თოვლის გამო, გაურკვეველია რას სთავაზობს კურორტი ასეთ სტუმრებს", - ამბობს თაბაგარი.

ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე დადებითად აფასებს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ საქმეს და აცხადებს, ქვეყანაში გაზრდილი ნაკადის მისაღებად, სხვა უწყებებიც შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ.

"ტურისტების მოზიდვა საკმაოდ ეფექტურად ხდება, მაგრამ კითხვა გვაქვს - რომ მოვიზიდეთ, მერე რა ხდება? სახელმწიფომ მოიზიდა ხალხი, ჩამოვიდნენ და უკმაყოფილოები დარჩნენ, პრობლემა ეს არის! ვერ გავაკრიტიკებ ტურიზმის ადმინისტრაციას, რომელიც თავს არ ზოგავს, რომ რაღაც გააკეთოს, მაგრამ მეორე სამინისტრო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომფორტი, იქ უკვე პრობლემები გვაქვს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება ეს, თუ ჯანდაცვის სამინიტრო. როდესაც კურორტი ეწყობა, ყველაფერი უნდა იყოს მაღალ დონეზე, ეს არ ხდება", - აღნიშნა ია თაბაგარმა.