მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაზე მეტი ადამიანი ჩვენთან ტაილანდიდან მოდის“ - სასტუმრო „ბუდე“

63e64fdf376f9
ლიკა მეგუთნიშვილი
10.02.23 19:00
2385
„ყველაზე მეტი ადამიანი ჩვენთან ტაილანდიდან ჩამოდის“ - ამის შესახებ BMG-სთან სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელმა, თათია თეთრაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტაილანდში სვანეთის პოპულარიზაცია აქ ჩამოსულმა და მოგვიანებით თავიანთ ქვეყანაში ჩასულმა ტურისტებმა  და მათ მიერ გაკეთებულმა რეკლამებმა განაპირობა.

„გაზაფხულზე ჩვენთან ორი ტაილანდელი ინფლუენსერი ჩამოვიდა სტუმრად. აქ გადაღებული კადრები მათ სოციალურ ქსელებში განათავსეს და აღმოჩნდა, რომ მილიონობით გამომწერი ჰყავდათ. ამის შემდეგ, Booking.com-ზე რომ შევდივართ, ვხედავთ, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი ჯავშანი სწორედ ტაილანდიდანაა. სრულიად გაოცებულები ვართ, მანამდე ტაილანდელი ტურისტი ჩვენთან არასოდეს ჩამოსულა“, - აცხადებს თათია თეთრაშვილი.

„ბუდეს“ დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სასტუმროს მიმართ ინტერესი აზიისა და არაბული ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდანაა, რომლებსაც ევროპული ტურისტისგან განსხვავებით აბსოლუტურად სხვა ინტერესი აქვთ.

„ძალიან განსხვავებული სეგმენტია. ცხადია, ისინი არ სრიალებენ, ზაფხულშიც ფეხით მოსიარულე კატეგორია არ არის. არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს, როგორც წესი, ძალიან გამზადებული სერვისი სურთ, როცა თვითონ არაფერზე ფიქრი არ უწევთ. ყველაფერი ბოლომდე უნდა დაუგეგმო, თავად ფეხით არ ივლიან. ამ ყველაფრით ისინი ევროპელი ტურისტისგან მკვეთრად განსხვავდებიან. ევროპელები თვითონ გეგმავენ ტურებს, ადგენენ მარშრუტებს, დადიან ფეხით და აბსოლუტურად სხვა ინტერესები აქვთ", - ამბობს თეთრაშვილი.

ცნობისთვის: მესტიაში სასტუმრო „ბუდე“ 2020 წელს გაიხსნა და ამჟამად 11 კოტეჯს აერთიანებს. კოტეჯები სხვადასხვა ადგილიანია, სადაც ერთი ნომრის ღირებულება 150 ლარიდან იწყება და 370 ლარამდე აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები