მესტიაში 2021 წელს გახსნილი სასტუმრო “გისტოლა” დამსვენებლებს სიახლეს სთავაზობს. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მისმა დამფუძნებელმა, ირაკლი გურჩიანმა, $600 ათასზე მეტი ინვესტიციით 60 ადამიანზე გათვლილი, ყველაზე სეზონზე მორგებული აუზი მოაწყო.
დამფუძნებლის განმარტებით, აუზის მოწყობა დასრულებული არ არის, რის გამოც მიმდინარე სეზონზე ის მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებს ემსახურება, თუმცა მას შემდეგ, რაც აუზი სრულ ექსპლუატაციაში შევა, “გისტოლაში” სტუმრობა მესტიის დამსვენებლებსაც შეეძლებათ.
“ორი წლის განმავლობაში, ვინც კი ჩამოდიოდა, ყველა აუზს ითხოვდა, თუმცა გაამართლა თუ არა ამ გადაწყვეტილებამ, მომავალ წელს გამოჩნდება, ალბათ. აუზი ჯერჯერობით მხოლოდ სასტუმროს დამსვენებლებისთვისაა ღია, შემომსვლელებისთვის ჯერ - არა, რადგან გარკვეული დეტალები დასამთავრებელია, გასახდელებია მოსაწყობი, რომლებიც სასტუმროს დამსვენებლებს არ სჭირდებათ”, - აღნიშნა ირაკლი გურჩიანმა BM.GE-სთან.
მისი თქმით, სვანეთში სასტუმროსთვის აუზით ოპერირება ფინანსურ გამოწვევასთანაცაა დაკავშირებული, რის გამოც მომავალი სეზონიდან ერთი ღამით განთავსების ღირებულებაც გაიზრდება.
“აუზის ექსპლუატაცია სვანეთში ძალიან ძნელია, მისი ზომა 15x6 მეტრია, დენით ამდენი წყლის გაცხელება ძვირი ჯდება, გაზი საერთოდ არ არის. თავიდან სწორედ ამიტომ ვიკავებდით თავს, მაგრამ იმხელა მოთხოვნაა, რომ ნომრის ღირებულების გაზრდის ხარჯზე დავამატეთ. ერთადგილიანი ნომრის ღირებულება ამ დრომდე $90 იყო, ორადგილიანი ნომრის კი - $100. მომავალი სეზონიდან თითოეული $20-ით გაიზრდება. აუზი მომხმარებლებს ზამთარ-ზაფხულ მოემსახურება”, - აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.
4-ვარსკვლავიანი სასტუმრო “გისტოლა” მესტიაში 2 წლის წინ $5 მილიონიანი ინვესტიციით გაიხსნა. ტურისტული ობიექტის სივრცე გარდა აუზისა, 45 ნომერს, რესტორანს, ლაუნჯ-ბარსა და საკონფერენციო სივრცეს აერთიანებს.