მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფრთხეს ქმნის რუსული, იაფიანი ელექტროენერგიის იმპორტი?

6176c77ecdba2
დავით ჯალაღონია
26.10.21 00:00
937
მიმდინარე წლის იანვარ–სექტემბრის პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე 37 მლნ 113 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა – 650 აშშ დოლარით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იმპორტის უდიდესი წილი - 61% რუსეთზე მოდის, საიდანაც 1 მლრდ 049.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც ჯამურად 7 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.

რა რისკებს ქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის იაფი, მაგრამ მზარდი რუსული ელექტროენერგიის იმპორტი, ეს თემა ენერგეტიკოსმა გიორგი აბრამიშვილმა BMG-სთან საუბრისას, ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის მაგალითზე განიხილა.

"ერთი მხრივ, არ უნდა შეგვეშალოს ის, რომ რუსეთი ამ იაფიან ელექტროენერგიას აფხაზეთს აწვდის, მაგრამ ეს ჩვენს ენერგობალანსში ჩანს და აისახება. მეორე მხრივ, გავაკეთოთ აქცენტი სხვა რამეზე და გადავხედოთ დღევანდელ ევროპას. რას უკეთებს რუსეთი დღევანდელ ევროპას? - ევროპაში უკვე ქარხნები ჩერდება, მაგალითად ესპანეთში, ისეთი ქარხნები, რომლებიც ენერგორესურსებზეა დამოკიდებული, მაგალითად მეტალურგია, ცემენტის წარმოება და ა.შ, სადაც დიდი წილი აქვს ელექტროენერგიის ხარჯს და ეს იმიტომ ხდება, რომ ელექტროენერგიის ხარჯი გასამმაგებელია, რადგან ზოგადად გაზის და წიაღისეულის ფასია მგონი გახუთმაგებული და ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუზღუდა და საბოლოო ჯამში, ერთ-ერთი მესიჯი იყო ის, რომ ამით North stream 2-ის მშენებლობის საბოლოო რატიფიცირება უნდა გააკეთოს, რათა ევროპას ანახოს, რამდენად სჭირდება კიდევ ერთი მილსადენი რუსეთთან დამაკავშირებელი, ანუ მასზე დამოკიდებულებისთვის.

ეს რისკები ევროპას დღეს უდგას. ერთ-ერთი ბრიტანელი ექსპერტი ამბობდა, რომ შეიძლება ამ ზამთარს ის რეალობა დაგვიდგეს, რომ საკმაოდ დაბალ ფენებს არჩევანის გაკეთება მოუხდეთ - თანხა გათბობაში გადაიხადოს, თუ საჭმელში. ეს რისკი თუ დიდ ბრიტანეთს აქვს, როგორ შეიძლება ჩვენ არ ვაანალიზებდეთ, რომ ასეთი დამოკიდებულება რუსეთმა, შეიძლება მას როცა დასჭირდება, სწორედ ასეთი პოლიტიკური ბერკეტის სახით გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ ჩვენი განახლებადი რესურსი უნდა ავითვისოთ და რაც შეიძლება მალე, რადგან მერე უკვე იმ მდგომარეობაში შევდივართ, რომ ამ დამოკიდებულებიდან და კლანჭებიდან გამოსვლა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება”, - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.