მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სანქციები დაუწესა EU-მ რუსეთს და რომელ რეგულაციებს იცავს საქართველო?

6267e18550512
გიორგი თოლორდავა
29.04.22 00:00
1911
რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დააწესა და ამჟამად მუშაობა რიგით მეექვსე პაკეტზე მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოზიციით, ქვეყანა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებას და რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, სანქციების სიაში მოხვედრილი ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის, როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების საქონელი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

„განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა სანქციების მონაწილე ქვეყნებიდან შემოტანილი ან ამ ქვეყნების წარმოშობის სერტიფიკატის მქონე სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში და ბელარუსში ან პირიქით, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს საქართველოს გამოყენებით სანქციებისაგან თავის არიდების შესაძლებლობა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის 22 აპრილის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად მოხდება რეაგირება.

საგულისხმოა, რომ საბაჟო კონტროლის გარდა, ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ სანქციებს იცავს ქვეყნის საბანკო-საფინანსო სექტორიც, რომელსაც ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი უწევს.

აღნიშნული მოცემულობების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად მთავრობის ოფიციალური პოზიციისა, საქართველოს გარკვეულ საერთაშორისო სანქციებთან მიერთება და მათ აღსასრულებლად შესაბამისი ზომების მიღება მაინც უწევს.

მთავრობას არ განუმარტავს ზუსტი პრინციპი, რომლის მიხედვითაც, უწყებები ირჩევენ თუ რომელი სანქციების აღსრულება უზრუნველყონ და რომლის - არა.

სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობა დიდი შვიდეულის (G7) მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოქმედებდეს. 24 მარტს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირისა და მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, რუსეთზე დაწესებული სანქციების აღსრულების მიზნით, უზრუნველყოფილიყო საფინანსო და სავაჭრო რეგულაციების აღსრულება და განხორციელებულიყო უწყვეტი კონტროლი, რათა რუსეთის ფედერაციას სხვა ქვეყნების საშუალებით არ ეცადა სანქციების გვერდის ავლა და შუამავლების გამოყენებით შეზღუდვების უგულებელყოფა.

G7-ის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ითვალისწინებს საბაჟო კონტროლს და მარეგულირებელი ორგანოს მიერ ტრანზაქციების კონტროლს, თუმცა ის არ ავალდებულებს ქვეყნებს, რომ მიუერთდნენ სხვა სანქციებსაც (მაგ: საჰაერო სივრცის შეზღუდვა) ან თავად დააწესონ ახალი შეზღუდვები.

გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის სანქციები მოიცავს როგორც ზოგად ინდუსტრიებს და სფეროებს, ასევე ინდივიდუალურ შეზღუდვებს და ამკრძალავ ზომებს, მათი ნაწილის აღსრულების არაპირდაპირი ვალდებულება კი როგორც სხვა ქვეყნებს, ასევე საქართველოსაც აქვს.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების და შეზღუდვების ჩამონათვალი:


ფინანსური სანქციები

• რუსეთის ცენტრალურ ბანკს გაეყინა რეზერვები;

• SWIFT-ის სისტემიდან გაირიცხა რამდენიმე რუსული ბანკი;

• რუსულ ბანკებს და კომპანიებს შეეზღუდათ ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებთან წვდომა;

• ევროკავშირში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს და კერძო პირებს შეეზღუდათ რუსეთში ინვესტიციების განხორციელება.


ეკონომიკური სანქციები

• რუსეთში აიკრძალა ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირად ღირებული ($55,000+) ავტომობილების ექსპორტი.

• აიკრძალა კვანტური კომპიუტერების, ნახევარგამტარების, კომპიუტერული ჩიპების და პროცესორების ექსპორტი;

• რუსეთისთვის გარკვეულწილად შეიზღუდა პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება და ტექნიკური მომსახურების გაწევა.


სატრანსპორტო შეზღუდვები

• რუსული ავიახაზებისა და რუსეთში რეგისტრირებული თვითმფრინავებისთვის დაიკეტა ევროკავშირის საჰაერო სივრცე;

• რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს, სატვირთო ხომალდებს, იახტებსა და ნავებს შეეზღუდათ ევროკავშირის პორტებში შესვლა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა;

• შეიზღუდა ევროკავშირიდან რუსეთში საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო და კოსმოსური ტექნიკის სათადარიგო ნაწილების და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების ექსპორტი;

• რუსულ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ოპერატორებს შეეზღუდათ ევროკავშირში საქმიანობა.


ენერგეტიკული სექტორის შემზღუდავი ზომები

• რუსეთიდან აიკრძალა ქვანახშირის იმპორტი;

• რუსეთში აიკრძალა ნავთობის გადამამუშავებელი ტექნიკის და დანადგარების ექსპორტი;

• შეიზღუდა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელება;

• რუსეთიდან აიკრძალა რკინის, ფოლადის, ხის, ცემენტის, ალკოჰოლის და ზღვის პროდუქტების იმპორტი.


შეიარაღება და თავდაცვის სექტორი

• აიკრძალა რუსეთთან იარაღით და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობა;

• აიკრძალა ისეთი პირდაპირი და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის, მოწყობილობების და დანადგარების ექსპორტი, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურების მიერ.


ინდივიდუალური სანქციები

უკრაინასთან ომის დაწყების გამო, ევროკავშირმა 1100-მდე კერძო და 100-მდე იურიდიულ პირს დაუწესა სანქციები. აღნიშნულ პირებს შეეზღუდათ ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის და საქმიანობის უფლება, გარდა ამისა, მათ გაეყინათ აქტივები.

ინდივიდუალური სანქციები რუსეთის მთავრობის, დუმის, უსაფრთხოების საბჭოს, შეიარაღებული ძალების და სამინისტროების მაღალჩინოსნებს შეეხოთ. შეზღუდვები დაუწესდათ რუს ოლიგარქებს, მთავრობასთან დაკავშირებულ პირებს და მათ ოჯახის წევრებსაც.