მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სარგებელს მოუტანს გაზის იმპორტის ზრდაზე EU-აზერბაიჯანის შეთანხმება საქართველოს?

62d6980ccb188
მარიამ ვარადაშვილი
19.07.22 19:17
2070
ევროკავშირმა აზერბაიჯანთან გაზის იმპორტის საკითხზე მემორანდუმს მოაწერა ხელი. შეთანხმება 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8.1 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა; 2022 წლის მოლოდინით კი ეს მოცულობა 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ურსულა ფონ დერ ლაიენის ბაქოში ვიზიტამდე ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაცია ევროგაერთიანების მთავარი პრიორიტეტია, რადგან რუსეთი ენერგეტიკული რესურსების მიწოდების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს, უახლეს კვირებში რუსეთმა 60%-ით შეამცირა ევროგაერთიანებისთვის გაზის მიწოდება. ამას გარდა, რუსეთმა Nord Stream 1 გაზსადენიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა.

აზერბაიჯანიდან ევროკავშირისთვის გაზის გაორმაგებული ოდენობის მიწოდება სამხრეთის გაზის კორიდორით უნდა მოხდეს, რომლის ნაწილია სამხრეთ კავკასიური მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც ცნობილია როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი და ამ გაზსადენით ხდება შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, თურქეთის მიმართულებით და შემდეგ ევროპაში. გაზსადენის სიგრძე 692 კმ-ია. საქართველოს მონაკვეთის სიგრძე კი - 249 კმ. მილსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრია. SCP (სამხრეთ კავკასიური გაზსადენი) უმეტესწილად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პარალელურად არის გაყვანილი. გაზსადენის 51%-ს - აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო 49%-ს SOCAR-ი ფლობს.

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი აცხადებს, რომ თუ აზერბაიჯანი მართლაც გააორმაგებს ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობას, მაშინ საქართველო, ტრანზიტის სანაცვლოდ, მეტი მოცულობის იაფ გაზს მიიღებს.

"არსებული ხელშეკრულება გულისხმობს გაზსადენით გატარებული გაზის მოცულობის 5%-ის შეღავათიან ფასად ყიდვას. ევროკავშირისთვის აზერბაიჯანული გაზის მოცულობის ზრდა კი, ჩვენთვის, ფაქტობრივად, ამ შეღავათიანი გაზის მოცულობების ზრდას ნიშნავს. თავიდანვე იყო საუბარი იმაზე, რომ პერსპექტივაში შესაძლებელია ამ მილსადენით გატარებული გაზის მოცულობა გაზრდილიყო.

მოგეხსენებათ, შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეკუთვნის სამხრეთკავკასიური მილსადენით გატარებული მოცულობის 5% და 500 მილიონი დამატებითი მოცულობის სახით. 500 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღება 2026 წლამდე ფიქსირებულია ანუ ესაა გაზის ტრანზიტის საფასურად მიღებული გაზი. რაც შეეხება გატარებული გაზის 5%-ს, თუ ადრე პირობითად 6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის 5%-ს ვიღებდით ოფციად, ამის შემდეგ გაზრდილი მოცულობით მივიღებთ. ოფციური გაზი ნიშნავს აიღო გატარების საფასური თანხობრივად ან შესაძლებლობა გაქვს, გაზი შედარებით იაფად შეიძინო. თუ ამ მილსადენში გაზის მოცულობა გაიზრდება, ლოგიკურად, ოფციური გაზის მოცულობაც გაიზრდება. თუ წლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზი გაივლის, აქედან ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი ჩვენ დაგვრჩება, როგორც იაფი გაზი”, - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

ენერგეტიკოსის აზრით, რეგიონში მიმდინარე პროცესებში, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს, მთავრობა ჩართული უნდა იყოს. ენერგეტიკოსი ასევე მიიჩნევს, რომ სარგებლის გაზრდის მიზნით, მთავრობამ აზერბაიჯანთან დადებული კონტრაქტების გადახედვა არ უნდა მოითხოვოს.

“უფრო აქტიური საერთაშორისო და ენერგეტიკული პოლიტიკა რომ გვქონდეს, ძალიან კარგი იქნება. ხელშეკრულება, რომელზეც ვსაუბრობთ, შაჰ-დენიზის კონსორციუმთან 2002 წელს არის გაფორმებული. ეს პირობებიც მაშინ განისაზღვრა და ძალიან მომგებიანი პირობები გვაქვს ამ ხელშეკრულებით. აქ დამატებითი სარგებელი საქართველოსთვის [გატარებული გაზის 5%-ს გარდა] ნაკლებად მოსალოდნელია. თან ევროკავშირის ამ კრიზისის ფონზე კიდევ მეტ სარგებელს ეძებდე და წილში უჯდებოდე, არ იქნება სწორი; როცა მსგავსი რამ ხდება, იქ <ბაქოში> რომ ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი იყოს, მონაწილეობას იღებდეს როგორც სატრანზიტო ქვეყნის წარმომადგენელი, ევროკავშირს ეხმარებოდეს მოლაპარაკებების კუთხით, კარგი იქნება. თურქეთი და აზერბაიჯანი წყვეტს რაღაცეებს ისე, რომ ჩვენ იქ არ ვართ წარმოდგენილები, ეს ნამდვილად ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის სისუსტეა”, - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.