მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგები მოყვება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას? - სამინისტროს პოზიცია

5e0317e4b72e8
ინგა მურუსიძე
25.12.19 12:37
644
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებით, შესაძლოა, 28%-ით შემცირდეს სასწრაფო დახმარების სერვისების გამოყენება.

განცხადება მინისტრის მოადგილემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ღონისძიება გაიმართა.  

„პირველადი ჯანდაცვა არის სამედიცინო მომსახურეობის ის დონე, რომელიც უზრუნველყოფს რესურსის სამართლიან, ეფექტურ გადანაწილებას, მთავარია აქვს შესაძლებლობა მთლიანად მოიცვას ადამიანის ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს სამედიცინო, სოციალური, თუ ფსიქოლოგიური კუთხით. ადამიანის უფლების დაცვის კონტექსში აუცილებელია ვიმუშაოთ ძალიან აქტიურად პირველადი ჯანდაცვის სერვისის გაძლიერებაზე, რათა მივიღოთ ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა. პირველადი ჯანდაცვის სისტემა ასახულია საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში. რადგან მთელი რიგი ვალდებულებები უკავშირდება პირველადი ჯანდაცვის ეფექტურ ფუნქციონურებას, პირველადი ჯანდაცვის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის მიზნებს და ა.შ.“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, პირველადი ჯანდაცვის განვითარების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ქრონიკული დაავადებების კონტროლი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხები და ინფექციური დაავადებების კონტროლი.

მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ პირველადი ჯანდაცვის დონეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო რესურსი იმისთვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს არასაჭირო, ძვირადღირებული სერვისის დაზოგვა.

„მაგალითად 28%-ით შეიძლება შემცირდეს სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების სერვისების უტილიზაცია და გამოყენება, თუ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემა შესაფერისად მუშაობს. ასევე შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს სიკვდილიანობა, ადრეული გამოვლენის და პრევენციის ხარჯზე და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია შემცირდეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ჩვენს სისტემას ძალიან მძიმე ტვირთად აწევს არასაჭირო ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები, რომელიც პირველადი ჯანდაცვის ეფექტიანობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.