18.თებერვალი .2020 09:45

რა შეიძლება აკეთონ ახალმა სსიპ-ებმა, რომლებიც მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას

views 762
უკან

მუნიციპალიტეტებს, საჭიროების შემთხვევაში, ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა შეეძლებათ. ამას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში პირველი მოსმენით განხილვის ეტაპზეა.

ახალი სსიპ-ების ჩამოყალიბება მერიის წარდგინებით და საკრებულოს დამტკიცებით უნდა მოხდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ისინი მთავრობას დაუსაბუთებენ, რომ გაზრდილი რესურსებით უკეთ შეძლებენ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას.

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ცვლილებების მიზანი მხოლოდ საკურორტო ზონებში მენეჯმენტის გაუმჯობესება არ არის, რაზეც იანვარში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ბაკურიანსა და გუდაურს წყალმმომარაგება დროებით შეუწყდა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა ჟურნალისტებს ის საქმიანობები ჩამოუთვალა, რაც შესაძლოა, რომელიმე რეგიონში, ახალი სსიპ-ის ფუნქციებში გაიწეროს.

"მაგალითად, ადგილზე დასუფთავების ნაწილი, გზების გაწმენდა, განსაკუთრებით ზამთარში, ასევე, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან მიმართებით ხდება, რომ რეალურად, ადმინისტრაციულ ცენტრში უნდა ჩახვიდე იმისთვის, რომ სამშენებლო ნებართვა აიღო; გარდა ამისა, ზედამხედველობის ნაწილი - ადმინისტრაციული ცენტრიდან საკმაოდ რთულია გააკონტროლო გაცემული ნებართვის შესაბამისობის მიხედვით გაწეული საქმიანობა", - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

იმ ტერიტორიების სიას, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება იქნება შესაძლებელი, მთავრობა კანონის დამტკიცების შემდეგ, ერთი თვის ვადაში განსაზღვრავს. მინისტრის მოადგილემ ის სავარაუდო დასახლებები დაასახელა, სადაც შესაძლოა სსიპ-ების შექმნა საჭირო გახდეს.

"ეს დამოკიდებულია იმაზე, მუნიციპალიტეტი როგორ დაინახავს ამ საჭიროებას. პირველადი შეხედვით, ეს შეიძლება იყოს ბაკურიანთან, ბახმაროსთან, აბასთუმანთან მიმართებაში, ასევე მესტიაში ახალი ტურისტული ლოკაციის შექმნის შემთხვევაში. საკმაოდ ბევრი შეიძლება იყოს, ეს სია დადგინდება წინასწარ", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე, რა აძლევს მთავრობას იმის გარანტიას, რომ ახალი სსიპ-ები სახელმწიფო ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვის წყარო არ იქნება, მზია გიორგობიანი პასუხად აცხადებს, რომ ამ თემაზე კითხვები შესაძლოა, დაისვას.

"შეიძლება, გარკვეული კითხვები არსებობდეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების უკეთესი შესაძლებლობა არ შევთავაზოთ მუნიციპალიტეტს. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მუნიციპალიტეტი ძლიერი უნდა იყოს, როგორც ფინანსურად, ისე ადამიანური რესურსით. მას სჭირდება ამ ეტაპისთვის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის და ამის საჭიროება ყველამ დავინახეთ სხვადასხვა ტერიტორიებთან მიმართებაში, არა მხოლოდ ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ზრდასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შესაძლებლობა ჰქონდეს მუნიციპალიტეტს, მაგრამ ეს ერთმნიშვნლოვნად არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა შექმნას სსიპ, მან უნდა დაასაბუთოს ეს", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ახალი სსიპ-ების დაფინანსებითვის, ჯამურად, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2-დან 2.5 მილიონ ლარამდე თანხის გათვალისწინებას გეგმავს.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, უკვე 2020 წლის განმავლობაში, რომელიმე მუნიციპალიტეტში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება, ჩამოყალიბდეს. რეგულაციის მიხედვით, თვითმმართველობებში, მართვის ეფექტიანობის მიზნით შექმნილი სსიპ-ები, 2030 წლამდე იმოქმედებენ.

ცნობისთვის: საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს.