მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიძლება მოითხოვოს საქართველომ "გაზპრომისგან" ახალი ხელშეკრულებით?

5eccf4be71352
დავით ჯალაღონია
26.05.20 16:40
1669
ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წლის ბუნებრივი გაზის პროგნოზი განაახლა. ბოლო ცვლილება 21 მაისით თარიღდება, რომლის მიხედვით, აზერბაიჯანიდან თავდაპირველთან შედარებით, გაზის ნაკლები მოცულობების მიღებაა ნავარაუდები, რუსული გაზის იმპორტის პროგნოზი კი იზრდება.

რა რისკებს ქმნის ეს ცვლილება ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, BM.GE ამ თემაზე ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. მისი აზრით, მთავარია, ქართულმა მხარემ კონკურენტული გარემო შეუქმნას როგორც აზერბაიჯანს, ისე რუსეთს, გაზის შეძენა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდეს და ამ ორ წყაროს შორის ბალანსი მოძებნოს.

"საერთოდ ჩვენ, რუსეთისგან გაზის ყიდვის მიმართ, ნაწილობრივ და დიდწილად დასაბუთებული შიშები გვაქვს და მთავარი შიში აქ იმაში მდგომარეობს, რომ ეს გაზი პოლიტიკური მიზნებისთვის, ზეწოლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და დამოკიდებულების გასაზრდელად არ იყოს გამოყენებული, მაგრამ ამ შიშმა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაგვიყვანა, როცა მთლიანად გავხდით აზერბაიჯანზე დამოკიდებული და იმდენად, რომ აზერბაიჯანი, რომელსაც თავად არ ჰყოფს თავისი გაზი, რუსეთიდან ყიდულობს და ჩვენ გვაძლევს იგივე რუსულ გაზს, ამიტომ აქ ირაციონალურიდან რაციონალურ მიდგომაზეა გადასვლა საჭირო.

როდესაც ამ საკითხზე ვმსჯელობთ, ორი შეკითხვა უნდა დავსვათ - ემსახურება თუ არა ეს კონკრეტული შესყიდვა, ან ნაბიჯი პოლიტიკური უსაფრთხოების გაზრდას და როგორ მოქმედებს გაზის ფასზე საქართველოში. ამ ორი კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ და როდესაც ხდება გარკვეული ნაბიჯის გადადგმა, უნდა მოვკითხოთ მათ შორის სახელმწიფო მოხელეებს, რამდენად ემსახურება ამ ორივე მიზანს. იმისთვის, რომ ეს ორივე მიზანი ასე თუ ისე დაკმაყოფილებული იყოს, ორი მთავარი მოთხოვნაა - პირველია გამჭვირვალობა, თუ სახელმწიფო სექტორი ყიდულობს ამ გაზს და მეორე, მცდელობა იმისა, რომ კონკურენტულ პირობებში მოაქციოს სხვადასხვა მომწოდებლები სახელმწიფომ. თუ ამ პირობებს დავიცავთ, მაშინ რუსული გაზის 10% და 20% არა მგონია, განსაკუთრებული საფრთხის შემცველი იყოს, მაგრამ საჭიროა ყურადღება, მუდმივი კონტროლი პირობებისა და გამჭვირვალობის შენარჩუნება, რომ ეს არ გახდეს საწინდარი რაიმე კორუფციული გარიგეგების, ან მეტი პოლიტიკური დამოკიდებულების. სიფრთხილეა საჭირო და თუ ასე ვიმოქმედებთ, მაშინ ბალანსირება ორ მომწოდებელს შორის ყოველთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე მარტო ერთზე დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს ეს, აზერბაიჯანი თუ რუსეთი“, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობები რამდენიმე წლის წინ შეიცვალა და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გაზის გატარების მომსახურებისთვის, ჩვენი ქვეყანა არა ბუნებრვ აირს, არამედ კონკრეტულ თანხას იღებს, რაც საჯარო არ არის. მხარეებს შორის ეს კონტრაქტი პერიოდულად განახლებადია და 2021 წლისთვის სწორედ ახალი ხელშეკრულება უნდა დაიდოს. გასულ თვეს კი, როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა, გაზის ტრანზიტის ტარიფი შეიცვალა. ფასი საიდუმლოა.

მხარეებს შორის მომავალ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მურმან მარგველაშვილი იმ პირობებზე საუბრობს, რაც შეიძლება ქართულმა მხარემ რუსეთისგან მოითხოვოს.

„მსოფლიოში გაზის ფასები სერიოზულად არის შემცირებული და ეს ფაქტორი უპირობოდ უნდა იქნას გამოყენებული, რომ ჩვენ ფასების თვალსაზრისით შემსუბუქებას მივაღწიოთ.

მეორე - ჩემი ინფორმაციით, შეიძლება ის საფასური, რომელსაც „გაზპრომი“ გაზის სომხეთში ტრანსპორტირებისთვის გვიხდის, არ შეესაბამებოდეს იმ რთული მილსადენის ექსპლოატაციის, შენარჩუნების და რემონტების პირობებს, რომლითაც ჩვენ ტრანზიტს ვატარებთ, ამიტომ აქ რუსეთს ვერ მოუგებთ კომერციულად, მაგრამ მინიმუმ სწორად უნდა დავთვალოთ ის, თუ რა გვიჯდება რეალურად გატარება, რამდენად რთულ პირობებში გვიხდება ამ გაზის მილსადენის შენარჩუნება და შესაბამისად, დავაწესით ტარიფი ამ გატარებისა. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ამოცანა, თორემ იმ პირობებს, რომელიც წინა მოლაპარაკების დროს დავკარგეთ, სავარაუდოდ ვეღარ აღვიდგენთ, როცა დაახლოებით 70% სარგებლისა დავკარგეთ“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.